გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, დალი ცატავას განცხადებით, გასტრონომიულ ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მისი გამოყენება სათანადოდ ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ცატავა არასათანადო განათლებას და ცოდნის დეფიციტს ასახელებს.
„გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაკონსერვებული გვაქვს და ვერ ვიყენებთ. აუცილებელია სწორი მარკეტინგი. გასტროტურისტს აინტერესებს რატომ კეთდება ესა თუ ის კერძი ასე, რა ინგრედიენტები გამოიყენება და რა როლს ასრულებს ეს საკვები რიტუალში, ასევე კერძის ისტორია. ეს ყველაფერი, რომ გავუზიაროთ და ავუხსნათ ტურისტებს საჭიროა გვქონდეს შესაბამისი განათლება. შესაბამისად, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს კულტურისა და განათლების სამინისტროებს, ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ცატავამ.
მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში გაიმართოს მეტი გასტრონომიული ტური, გადამზადდნენ გიდები ამ მიმართულებით და მოხდეს სხვადასხვა ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.