LIVE

უკრაინაში ომი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განვითარებად ბაზრებს აზარალებს

05 აპრ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
უკრაინაში ომი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განვითარებად ბაზრებს აზარალებს

ყოვლისმომცველმა სანქციებმა რუსეთი ღრმა, ორწლიანი რეცესიის გზაზე დააყენა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სავაჭრო კავშირებს, ტურიზმს და მილიარდობით დოლარის ფულად გზავნილებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. 

"ფართო ეკონომიკურმა კავშირებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესაძლებლობაზე, დაფარონ საგარეო ვალები. ისინი რისკის ქვეშ არიან, რადგან ჯერ კიდევ ძალიან დამოკიდებულნი არიან კონფლიქტზე",- თქვა კლაუდია კალიჩმა, ლონდონში M&G Investments-ის განვითარებადი ბაზრის ვალების ხელმძღვანელმა. 

კრიზისში უშუალოდ ჩართული ქვეყნების - რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მიერ გამოშვებული ობლიგაციები დეფოლტის რისკის წინაშეა, სხვა ქვეყნებში მდგომარეობა სხვადასხვაგვარია.

საქართველო 

საქართველოსთვის ტურიზმი საკვანძო მიმართულებაა. ტურისტული ინდუსტრია ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენს. დამსვენებლების 15% რუსია. 2026 წლის ვალზე სარგებლის განაკვეთი დაახლოებით 300 საბაზისო პუნქტით გაიზრდება.

ტაჯიკეთი 

ფულადი გზავნილების შემცირების გამო, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ტაჯიკეთია. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25% ტაჯიკი მუშების მიერ რუსეთში გამომუშავებულ თანხაზე მოდის. მიგრანტები რუსეთიდან სამშობლოში ყოველწლიურად დაახლოებით $13 მილიარდს აგზავნიან. 

23 თებერვლის შემდეგ ქვეყნის 2027 წლის ვალზე სარგებლის განაკვეთი თითქმის 400 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.

"რუსეთში მკვეთრმა და გახანგრძლივებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ტაჯიკეთის ზრდის პოტენციალის მდგრადი გაუარესება, უპირველეს ყოვლისა, ფულადი გზავნილების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების გამო",- ნათქვამია Moody's Investors Service-ის ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. 

ბელარუსი

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო, საერთაშორისო სანქციები ბელარუსსაც შეეხო. გარდა ამისა, მისი იმპორტის და ექსპორტის დაახლოებით ნახევარი რუსეთზე მოდის, რაც ასევე დააზარალებს ბელარუსის ეკონომიკას. 

Bloomberg-ის ინდექსების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის ევრობონდებმა განვითარებადი ბაზრის ინვესტორებს ყველაზე დიდი ზარალი მოუტანეს. S&P Global Ratings-ის პროგნოზით, ქვეყნის საკრედიტო ქულა შეიძლება კიდევ შემცირდეს.

ყაზახეთი  

JPMorgan-ის 25 მარტის შეფასებით, რუსეთთან ფინანსური კავშირების გამო, ენერგორესურსებით მდიდარი ყაზახეთი ყველაზე მოწყვლადია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი დასახელდა, როგორც სასაზღვრო ბაზრები, რომლებიც კონფლიქტის შედეგად სავაჭრო შეფერხების რისკის ქვეშ არიან. ანგარიშის მიხედვით, ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი რუსეთთან ექსპორტსა და იმპორტზე მოდის. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთთან ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი ინვესტიციების და საბანკო ინდუსტრიის კუთხით, ბელარუსი, ყირგიზეთი და სომხეთი ყველაზე დაუცველებად მიიჩნევა. ისინი წერენ, რომ ფულადი გზავნილები შეიძლება 40%-მდე შემცირდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლილიან კარუნუნგანი და რონოჯოი მაზუმდარი