LIVE

პუტინი უკრაინას დონბასში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს

15 თებ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1289
პუტინი უკრაინას დონბასში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს

რუსეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ვლადიმერ პუტინი უკრაინის ხელისუფლებას დონბასის რეგიონში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს.

“ჩვენი აზრით, ის, რაც ახლა დონბასში ხდება, არის გენოციდი”,- განაცხადა პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე. 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მას არწმუნებდნენ, თითქოს ნატოს გაფართოება საერთოდ არ მოხდებოდა, ახლა კი ხედავს ალიანსის ინფრასტრუქტურას რუსეთის "კართან".

"ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ამ მოლაპარაკებების ფარგლებში",- აცხადებს პუტინი.

ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე ჯარების დაგროვება განიხილება როგორც საფრთხე და და ეს “გაუგებარია”. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ტერიტორიულ მთლიანობაზე “მოლაპარაკება შეუძლებელია” და მისი სურვილია, დიალოგი გაგრძელდეს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ “უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან და არა რუსეთის წინააღმდეგ”. მისი თქმით, ნატო და ევროპა ერთიანები არიან და ფიქრობენ, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. შოლცი დასძენს, რომ “ომი ევროპაში წარმოუდგენელი გახდა და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასე დარჩება”.

ვლადიმერ პუტინმა გამოყო ენერგეტიკის სექტორი, როგორც გერმანიასთან თანამშრომლობის ძირითად სფერო და აღნიშნა, რომ Nord Stream 2-ის მილსადენი ამოქმედებისთვის მზად არის, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს. რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ირწმუნება, რომ ეს არის “წმინდა კომერციული პროექტი” და რუსეთი გააგრძელებს გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით, თუ ამაზე მოთხოვნა იქნება.

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ევროპაში გაზის ტრანსპორტირება. მისი თქმით, გერმანიას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის გამო ომი არ მოხდება, რადგან ამას "შორსმიმავალი შედეგები" ექნება.

პუტინმა გერმანიას”რუსეთის მთავარი პარტნიორი” უწოდა და აღნიშნა, რომ სურს ურთიერთობის გაძლიერება.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა ევროპაში ახალი ომის დაწყება, რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა 1990-იან წლებში იუგოსლავიაში ომი, რომლის ინიციატორი, მისი თქმით, ნატო იყო. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ სურს ომი და ამიტომ წამოაყენა წინადადებები მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, მაგრამ რუსეთის წინადადებებზე კონსტრუქციული პასუხი არ მიუღია.