LIVE

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ₾1.2 მილიონის უხარისხოდ შესრულებული პროექტები ჩაიბარა - აუდიტი

11 თებ 202219:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ₾1.2 მილიონის უხარისხოდ შესრულებული პროექტები ჩაიბარა - აუდიტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, 1 მლნ 244 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ შესრულდა. ასეთი ობიექტების ჩამონათვალშია სასწავლო დაწესებულებები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

შედეგად, დასრულებული ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესდა. ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რის გამოც, ინფრასტრუქტურული პროექტებით მოსახლეობამ დროულად ვერ ისარგებლა. ვადის ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაახლოებით, 77 ათასი ლარის საჯარიმო თანხა ვერ მიიღო.

ანგარიშის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების მართვაშიც. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესში პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად მისცა. შედეგად კი, 179 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია მიუღებელ შემოსავლებზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 163 ათასი ლარის შემოსავალი დროულად ვერ მიიღო. იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა კი 287 ათასი ლარი შეადგინა.