LIVE

რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებისთვის იარაღის გაგზავნით იმუქრება

27 იან 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1210
რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებისთვის იარაღის გაგზავნით იმუქრება

რუსეთმა უკრაინის დონბასის რეგიონში მხარდაჭერილ სეპარატისტებს “გარკვეული იარაღის” გაგზავნა შესთავაზა, რაც დასავლეთთან დაძაბულობის პოტენციურ ესკალაციაზე მიუთითებს.

შეთავაზება ეკუთვნის ანდრეი ტურჩაკს, პროკრემლისტური მმართველი პარტიის მაღალჩინოსანს, რომელიც ასევე არის სენატის წევრი, თუმცა მთავრობის მხრიდან საჯარო კომენტარი არ გაკეთებულა.

სეპარატისტთა ღია შეიარაღება იქნება დასტური, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა, რასაც კრემლი ამ დრომდე უარყოფს. 

კანონმდებლები ასევე გამოდიან ინიციატივით, რუსეთმა ოფიციალურად აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც ფაქტობრივად გაანადგურებს უკრაინაში მათი რეინტეგრაციის ხანგრძლივ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მინსკის პროცესის სახელით არის ცნობილი. თუმცა, ამ წინადადების განხილვა ოფიციალურად არ დაწყებულა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს ბრალდებები, რომ კიევი აპირებს სეპარატისტული რეგიონები ძალის გამოყენებით დაიბრუნოს, რასაც უკრაინა უარყოფს. 

დიმიტრი კოზაკი, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე და უკრაინის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი ამბობს, რომ ტურჩაკს კომენტარის გაკეთებამდე რჩევა არ მიუღია. “ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ინიციატივა იყო. ჩვენ ბევრი მათგანი გავაჩერეთ”,- დასძინა მან.

რუსეთის მტკიცების მიუხედავად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკვე აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება სეპარატისტებისთვის რუსეთიდან იარაღის მიწოდების შესახებ, მათ შორის ნაღმების, ნაღმტყორცნებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების.

კრემლმა 2014 წლიდან სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებს 500 000-ზე მეტი რუსული პასპორტი გადასცა და კრემლი დებს პირობას, რომ დაიცავს მათ იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმის ქვეშ იქნებიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთთან ომს 14 000 ადამიანი შეეწირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი