LIVE

ტურიზმის სექტორის ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვს

27 დეკ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100

ტურიზმისა სექტორის ნაწილი მომდევნო წლის მაისამდე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით კი უახლოეს დღეებში სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ოფიციალური წერილითაც მიმართავენ. შეღავათის დაწესებას დარგის წარმომადგენლები კონკრეტულად იმ მცირე და საშუალო ბიზნესებზე (სასტუმროები, კაფე-რესტორნები) ითხოვენ, რომელთა წლიური ბრუნვა 300 ათას ლარზე ნაკლებია.

როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი აღნიშნავს, გაძვირებული კომუნალური გადასახადებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, მცირე და საშუალო ბიზნესებს სულ უფრო უჭირთ მათ შორის ხელფასების გაცემაც და კადრების შენარჩუნებაც.

"განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა მწვავე. მაგალითად, უცებ რომელიმე პროვაიდერი (გაზი, დენი თუ წყალი) ერთი თვით ადრე გეგმავს ფასების გაზრდას. ისედაც ორმაგი გადასახადების პირობებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია. ანუ, გამოდის რომ ტურისტები ნაკლებია, გადასახადები კი - მეტი. მთელი შვეიცარია, ავსტრია და გერმანია მცირე და საშუალო ბიზნესებს შეღავათებს უკეთებს, რათა შეძლონ გადარჩენა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი შეძლონ ოპერირების გაგრძელება",- აღნიშნა თაბაგარმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

ამასთან, სექტორის წარმომადგენლების ნაწილი რელევანტურად მიიჩნევს დღგ-ს ქვედა ზღვრის 500 ათას ლარამდე გაზრდას - ამჟამად 100 ათასი ლარია ის წლიური ბრუნვის მინიმალური ზღვარი, რის საფუძველზეც ფიზიკური ან იურიდიული პირი დამატებული ღირებულების გადამხდელი ხდება. 

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორმა სამთავრობო დახმარება საშემოსავლო გადასახადის გაუქმების სახით 11 თვის განმავლობაში 2020 წელს მიიღო. 2021 წლის 11 თვეში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმი საქართველოში მხოლოდ თითქმის 21 %-ით აღდგა.