
ხის აქსესუარების მწარმოებელი ქართული სტარტაპ საწარმო „რუთსი“ საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა შალვა მილორავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ამ დროისთვის პროდუქცია ონლაინ პლატფორმა Etsy-ის მეშვეობით აშშ-სა და საბერძნეთში იყიდება.
"მომავალი წლიდან გერმანიის, ისრაელის და ბრიტანეთის ათვისებასაც ვეცდებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ ქვეყნებში ქართული დიასპორა, საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა აქცენტი ადგილობრივებზეც გაკეთდება. ამჯერად, ჩვენი ექსპორტის წილი გაყიდვებში 30%-ს არ აღემატება. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ამ მაჩვენებელს 40%-მდე გავზრდით, ვინაიდან მოთხოვნა მზარდია“,- აცხადებს მილორავა.
კომპანია მიმდინარე წლის მარტში 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა და დაახლოებით 25 დასახელების ნივთს აწარმოებს, მათ შორის ადგილობრივი ხის მასალის გამოყენებით.