LIVE

NATO-მ რუსეთთან ურთიერთობა გარკვეული პირობებით უნდა აღადგინოს - მოსაზრება

04 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1235
NATO-მ რუსეთთან ურთიერთობა გარკვეული პირობებით უნდა აღადგინოს - მოსაზრება
Maxim Avdeyev/AFP/Getty Images

რუსეთი წყვეტს ურთიერთობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან. ეს შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ცოტას ეპარებოდა ეჭვი ასეთი ურთიერთობის ოდესმე არსებობაში.

ნატო-რუსეთის საბჭო 2002 წლიდან არსებობდა და ხელს უწყობდა კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საერთო პრობლემების მოგვარებას. ამ პარტნიორობის აღდგენა შედის როგორც დასავლური ალიანსის, ასევე კრემლის ინტერესებში, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ რუსეთი არ აჩვენებს, რომ მზად არის ითამაშოს ძველი წესებით.

როდესაც 2010-იანი წლების დასაწყისში ნატოს სამხედრო მეთაური ვიყავი, ხშირად ვსადილობდი ალიანსში რუსეთის ელჩთან, დიმიტრი როგოზინთან, რომელიც ახლა რუსეთის კოსმოსურ პროგრამას ხელმძღვანელობს. გვქონდა გულწრფელი, მაგრამ ინფორმატიული საუბრები ყველაფრის შესახებ, დაწყებული რუსეთის შეჭრით საქართველოში (ნატოს ძლიერი პარტნიორი) ჩვენი საერთო ინტერესებით ავღანეთში.

ანალოგიურად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაშინდელ მეთაურთან, გენერალ ნიკოლაი მაკაროვთან ერთად განვიხილავდით არქტიკაში კონფლიქტის თავიდან აცილების გზებსა და მეკობრეობის საწინააღმდეგო ოპერაციებს ინდოეთის ოკეანეში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით რიგ საკითხებს, მაგრამ ნატო-რუსეთის საბჭო კარგი ფორუმი იყო უთანხმოების განსახილველად და ვიმედოვნებდი, რომ დროთა განმავლობაში ვითარება გაუმჯობესდებოდა.

ასე არ გამოვიდა. ნატოსა და კრემლს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტადაა გაუარესებული ცივი ომის დასრულების შემდეგ.

რა მოხდა და რისი გაკეთება შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს უფრო მტკიცე რუსეთთან გამკლავებისთვის?

2014 წელს ყირიმში შეჭრა მკვეთრი ვარდნის დასაწყისი იყო. დასავლეთის სანქციები იწვევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაღიზიანებას. თანამშრომლობა კიდევ უფრო შეარყია სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერამ. ცოტა ხნის წინ კიბერშეტევების სერია განხორციელდა აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ, ხოლო პუტინის მთავარ პოლიტიკური ოპონენტი, ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია.

ვითარებამ პიკს მიაღწია მიმდინარე თვის დასაწყისში, როდესაც რვა რუსი ოფიცერი დაადანაშაულეს ჯაშუშობაში და ნატოში რუსეთის დელეგაციიდან გააძევეს. პროტესტის ნიშნად, რუსეთმა მთელი პერსონალი გაიყვანა და დახურა ნატოს ოფისი მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელიც წარსულში აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთ-ნატოს თანამშრომლობის ფორმატს, საკმაოდ უხეშად თქვა, რომ თუ ალიანსის ოფიციალურ პირებს რაიმე შემდგომი საქმე ექნებათ რუსეთის ფედერაციასთან, შეუძლიათ ამის განხილვა ბელგიაში რუსეთის საელჩოსთან.

დიდი სურათის დასანახად, სასარგებლოა მოვლენებს რუსული პერსპექტივიდან შევხედოთ.

მოსკოვი თავს მიტოვებულად გრძნობს და შესაძლოა უფრო თავისუფალი იყოს ზიანის მიყენებაში. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე, როგორც ჩანს, ოფიციალურმა პირებმა გაცილებით მეტი დრო დაუთმეს ჩინეთის განხილვას, ვიდრე რუსეთს. მოსკოვის მიმართ მიდგომა ორგვარია: შეზღუდული თანამშრომლობის შეთავაზება რიგ საკითხებზე, ხოლო დაუშვებელი ქცევის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა აგრესიული სამხედრო ფრენები ნატოს საჰაერო სივრცის მახლობლად.

პუტინის უარს გაზის მიწოდების გაზრდაზე, თანაც ფასების ზრდის ფონზე, შესაძლოა ევროპულ დემოკრატიების სინანული მოჰყვეს ახლახან დასრულებული Nord Stream 2-ის გაზსადენის შესახებ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარებმა სირია დატოვონ უახლოეს მომავალში, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოსა და უკრაინაზე. პუტინმა უარი თქვა G20-ის სამიტზე დასწრებაზე მიმდინარე კვირაში, ასევე შოტლანდიის გარემოსდაცვით შეხვედრაზე - COP-26.

ასევე, შეუძლებელია ჩინეთის საფრთხის განხილვა რუსეთის როლის გათვალისწინების გარეშე. პუტინი და სი ძინპინი თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის ერთობლივი საზღვაო წვრთნებს არა მხოლოდ ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში, არამედ ატლანტისა და ბალტიის ზღვაშიც. მოსახლეობის შემცირებისა და არადივერსიფიცირებული ეკონომიკის მიუხედავად, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს გაუთავებელი ბირთვული არსენალი, პუტინი კი ჭკვიანი და რისკიანი ტაქტიკოსია.

რამდენადაც ნატო ავითარებს თავის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რუსეთზე მუდმივი ფოკუსირება გადამწყვეტია. დიახ, მომავალში საჭიროა ფოკუსირება კლიმატის ცვლილებაზე, კიბერუსაფრთხოებასა და, რა თქმა უნდა, ჩინეთზე - ეს არის ბოლო ათწლეულის დიდი ცვლილება, მაგრამ “უფრთხილდი დათვს” - მიზეზმა, რის გამოც ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა - ლიდერობა უნდა შეინარჩუნოს.

ეს ნიშნავს ნატოს ყურადღების გაზრდას არქტიკაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის გამო, კიბერთავდაცვის გაძლიერებას ყველა მონაწილე ქვეყნისთვის ესტონეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის მეშვეობით, სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოსა და უკრაინაში და მათი საბოლოო წევრობისთვის “სამოქმედო გეგმების ხელშეწყობას.

რაც შეეხება ნატო-რუსეთის საბჭოს და დახურულ დელეგაციებს ბრიუსელსა და მოსკოვში - ალიანსი მზად უნდა იყოს მათ აღსადგენად სათანადო პირობებში, მაგრამ ამას დასჭირდება ძლიერი და ერთიანი ფრონტი და მოსკოვის შენარჩუნება ნატოს სტრატეგიული ფოკუსის ცენტრში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს სტავრიდისი