LIVE

Microsoft-ს შეუძლია ისევ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდეს

27 ოქტ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 606
Microsoft-ს შეუძლია ისევ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდეს

Microsoft-ს Cloud Computing-ის ზრდით გამოწვეული კიდევ ერთი ვარსკვლავური კვარტალი აქვს. პროგრამული გიგანტი აჩვენებს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს საუკეთესო პერსპექტივა ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის.

კომპანიის თქმით, პირველ ფისკალურ კვარტალში შემოსავალმა $45.3 მილიარდი შეადგინა, რაც 22%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და Bloomberg-ის საშუალო შეფასებას ($43.9 მილიარდი) აჭარბებს. მოლოდინს აჭარბებს კომპანიის მოგებაც.

ამ პოზიტიურ რეაქციის ლოგიკა შემდეგია: ძლიერი შედეგების ძირითადი მამოძრავებელი ძალა უახლოეს მომავალში მდგრადი დარჩება.

Microsoft-ის Azure-ის ერთეული სავარაუდოდ, მომავალი წლების განმავლობაში ზრდას განაგრძობს. შესაძლებლობები ამ მხრივ მასშტაბურია. Wedbush Securities-ის თანახმად, ღრუბლოვანი სერვისების გლობალური ხარჯები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $1 ტრილიონს მიაღწევს, რადგან ბიზნესები უფრო მეტს დახარჯავენ Cloud Computing-ზე. Gartner-ის მიხედვით, Microsoft-ი ამჟამად მე-2 მოთამაშეა, ბაზრის დაახლოებით 20%-ით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის გასულ წელს ბაზრის ლიდერ Amazon Web Services-თან შედარებით გაორმაგებული ტემპით გაიზარდა.

Microsoft-ს ასევე აქვს უნიკალური უპირატესობა. ღრუბლოვანი კონკურენტებისგან განსხვავებით, ის ყიდის ტრადიციულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ოპერაციულ სისტემებს, შესაბამისად შეუძლია უზრუნველყოს სერვისის უკეთესი ინტეგრაცია თავის პროდუქტებთან. ბევრი საშუალო ზომის კომპანია ამჯობინებს შესყიდვების გაერთიანებას ერთ კომპანიასთან. შესაძლოა ამიტომაცაა, რომ Morgan Stanley-ის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ Microsoft-ი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ ბიუჯეტში ყველაზე დიდ წილს მოიპოვებს ყველა სხვა ტექნოლოგიური კომპანიასთან შედარებით.

აი, კიდევ ერთი იღბლიანი გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფირმას მიწოდების ჯაჭვის გართულებებთან გამკლავება მოუწია, Microsoft-ის ძირითადი ბიზნესი - პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები, რომლებიც ინტერნეტით გადაადგილებულ მონაცემებს ეყრდნობა - შედარებით დაუზიანებელი დარჩა. ამის საპირისპიროდ, Apple-ს iPhone-ების წარმოება და გაგზავნა სხვადასხვა კონტინენტებზე უწევს.

თუმცა, Microsoft არ იყო ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელმაც სამშაბათს ძლიერი შედეგები გამოაქვეყნა. Google-ის მფლობელმა Alphabet-მა განაცხადა, რომ ბოლო კვარტალში წმინდა მოგება თითქმის 70%-ით გაიზარდა. ეს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ მაშინაც კი, როდესაც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მარეგულირებლების სამიზნე ხდებიან, ისინი მაინც აგრძელებენ არნახული მოგების გამომუშავებას.

რა ელის Microsoft-ს? უახლესი შედეგების გამოქვეყნებამდე, კომპანია $2,33 ტრილიონად იყო შეფასებული, რაც Apple-ის $2,47 ტრილიონს ჩამორჩება. ბოლო წლებში ორმა კომპანიამ არაერთხელ გაცვალა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული. შესაძლოა, დიდი დრო არ იყოს დარჩენილი, სანამ Microsoft-ი გვირგვინს დაიბრუნებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაე კიმი