LIVE

რუსეთი NATO-ს უკრაინის გაწევრიანების შედეგების შესახებ აფრთხილებს

21 ოქტ 202118:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
რუსეთი NATO-ს უკრაინის გაწევრიანების შედეგების შესახებ აფრთხილებს

მოსკოვი NATO-ს აფრთხილებს, რომ ბლოკში უკრაინის წევრობისკენ ნებისმიერი ნაბიჯი შესაბამის შედეგებს გამოიწვევს,- იტყობინება საინფორმაციო სააგენტო RIA რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოზე დაყრდნობით.

რუდენკოს ჰკითხეს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის შესახებ, როდესაც მან გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს კიევის მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ალიანსში და რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ვეტოს დაადოს ასეთ ნაბიჯს. რუდენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უკრაინის NATO-ში შესვლა იქნება უკიდურესად საშიში ნაბიჯი” და აიძულებს მოსკოვს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. რუსი ოფიციალური პირის თქმით, კრემლმა გააფრთხილა ალიანსი შესაძლო შედეგების შესახებ. 

“ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ არა ოფიციალურ პოზიციას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს. დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი, რომელიც აიძულებს რუსეთს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს არის მოლაპარაკებები NATO-სა და უკრაინას შორის, მათი გადასაწყვეტია, როდის და რა იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ ერთგვარად გავაფრთხილეთ, ნებისმიერ ნაბიჯს ექნება შედეგები. NATO-მ იცის ჩვენი პოზიცია უკრაინის მიმართ“,- განაცხადა დიპლომატმა.

ივნისში NATO-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა უკრაინის შესაძლო გაწევრიანება სამხედრო ალიანსში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ მოუწოდა NATO-ს, დააჩქაროს ქვეყნის გაწევრიანება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მეშვეობით.

“NATO-ს ლიდერებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და MAP წევრობის პროცესის განუყოფელი ნაწილია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ NATO-სა და MAP-ზე, ნამდვილად მსურს გავიგო მკაფიო პასუხი - დიახ თუ არა”,- დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. 

ზელენსკიმ ალიანსის წევრებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინის გაწევრიანება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკა განალაგა უკრაინის საზღვრებთან. მისი თქმით, ჯარების უმრავლესობა ჯერ არ არის გამოყვანილი და რუსეთი ყოველგვარი მკაფიო მიზეზის გარეშე აყოვნებს შეხვედრის ორგანიზებას რუსეთის პრეზიდენტთან.

ვლადიმერ პუტინმა სექტემბერში გააფრთხილა უკრაინა და NATO, რომ მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი გაფართოება წითელ ხაზს გასცდება. პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთობლივი შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ზომებს აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს საქმიანობის წინააღმდეგ.

ლუკაშენკო, მოსკოვის ახლო მოკავშირე, შეერთებულ შტატებს უკრაინაში სასწავლო ცენტრების შექმნაში ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, სამხედრო ბაზების ტოლფასია. “აშკარაა, რომ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. შევთანხმდით, რომ საპასუხოდ გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

უკრაინა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, დიდი ხანია ცდილობს ჰქონდეს მჭიდრო კავშირი დასავლეთთან და მის შეიარაღებულ ძალებთან. მას დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა 2014 წელს და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში.