LIVE

ჩინეთი Covid-19-ის წარმოშობის კვლევისთვის ვუჰანიდან ათასობით სისხლის ნიმუშს შეამოწმებს

13 ოქტ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 874
ჩინეთი Covid-19-ის წარმოშობის კვლევისთვის ვუჰანიდან ათასობით სისხლის ნიმუშს შეამოწმებს

ჩინეთი ვუჰანის სისხლის ბანკის ათიათასობით ნიმუშის შესამოწმებლად ემზადება, რაც Covid-19-ის წარმოშობის გამოძიების ნაწილია. ეს ნაბიჯი პეკინმა კვლევის გამჭვირვალობის მზარდი მოწოდებების ფონზე გადადგა.

მიმდინარე წლის თებერვალში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევითმა ჯგუფმა გამოავლინა 200 000-მდე ნიმუში, მათ შორის 2019 წლის ბოლო თვეებში მიღებული ნიმუშები, როგორც ძირითადი ინფორმაციის შესაძლო წყარო იმის განსასაზღვრად, როდის და საიდან მოხვდა ვირუსი ადამიანის სხეულში.

ნიმუშები ვუჰანის სისხლის ცენტრში სავარაუდოდ 2019 წლიდან ინახება, რაც უზრუნველყოფს ქალაქის უფრო ფართო მოსახლეობის ქსოვილების ნიმუშების რეალურ დროში შესწავლას. 

ჩინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სისხლის ნიმუშები ორი წლის განმავლობაში ინახებოდა იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი საჭირო გახდებოდა სისხლის დონაციის სარჩელში მტკიცებულების სახით.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა, მორინ მილერმა მოუწოდა ჩინეთს, დაუშვას უცხოელი ექსპერტები პროცესის მონიტორინგისთვის. ”არავინ დაიჯერებს არცერთ იმ შედეგს, რომელსაც ჩინეთი გამოაცხადებს, თუ პროცესში არ იქნებიან სულ მცირე კვალიფიციური დამკვირვებლები”,- თქვა მან.

WHO-ს გამოძიებაზე მომუშავე ჩინური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიანგ ვანიანმა პირველად ივლისის პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩინეთი შეამოწმებს ნიმუშებს და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც ჩინელი ექსპერტები „მიიღებენ შედეგებს, გადასცემენ მათ ჩინელი და უცხოელი ექსპერტების გუნდებს”.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების დოქტორმა, უილიამ შეფნერმა განაცხადა, რომ ნიმუშები წარმოადგენს “ამაღელვებელ შესაძლებლობას, თუ გვსურს დავბრუნდეთ და გავარკვიოთ, ზუსტად რომელ თვეებში დაიწყო ვირუსმა ადამიანებში გავრცელება”.

ნიმუშებმა შეიძლება გამოავლინოს, ვინ დაინფიცირდა პირველად, სად, ასევე მათი ასაკი და პროფესია. “ნიმუშების დეპერსონალიზაცია ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თქვენ შეგიძლიათ გაყოთ ის ძირითადი დემოგრაფიული ნიშნით - ასაკი, სქესი, გეოგრაფია. ყველა ეს მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება”,- განაცხადა შეფნერმა. მისი თქმით, ნიმუშების გადატანა შესაძლებელია ჟენევაში ან სხვა ნეიტრალურ ადგილას, რათა WHO-ს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღონ ტესტირებაში.

მისი თქმით, ნიმუშებთან დაკავშირებული ორი შესაძლო პრობლემა შეიძლება იყოს “სისხლის სინჯების მთლიანობა - ისინი არ შექმნილა ბოლო დროს” და რამდენად წარმოადგენენ სისხლის დონორები ფართო მოსახლეობას. მილერმა თქვა, რომ ბევრი ნიმუში სავარაუდოდ ჯანმრთელი ადამიანებისგანაა აღებული, “ასე რომ, ისინი ასიმპტომურ შემთხვევებს წარმოადგენდნენ და როგორც ჩვენ შევიტყვეთ პანდემიის დროს, ასიმპტომური შემთხვევები აძლიერებს პანდემიას”.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაატარა 90-დღიანი სადაზვერვო მიმოხილვა ვირუსის წარმოშობის შესახებ, მაგრამ არაკლასიფიცირებულმა მოხსენებამ დაუშვა როგორც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა, ასევე ლაბორატორიული გაჟონვა, როგორც სავარაუდო თეორიები, მაგრამ ვერ დაადგინა, რომელი უფრო რეალურია.