LIVE

შეიძლება, რომ Covid-19 ენდემური გახდეს? - ექსპერტის განმარტება

03 სექ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2214
შეიძლება, რომ Covid-19 ენდემური გახდეს? - ექსპერტის განმარტება
  • ექსპერტები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ენდემური გახდება.

  • იმუნოლოგი განმარტავს, თუ რას ნიშნავს ინფექციის ენდემურობა და როგორ შეიძლება ეს მოხდეს.

  • პანდემიიდან ვირუსის ენდემურ გავრცელებაზე გადასვლაში ვაქცინის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა, სოციალური კონტაქტი და გადაცემა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი SARS-CoV-2–ის მიმართ ჯერ კიდევ მოწყვლადია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ენდემური გახდება.

HARVARD CHAN SCHOOL-მა ამ თემაზე ინფექციური დაავადებების ასოცირებული პროფესორთან, იმუნოლოგ იონათან გრადთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.  

HARVARD CHAN SCHOOL: ბევრი ექსპერტის აზრით, COVID-19 გახდება ენდემური დაავადება. როგორ გადადის დაავადება მწვავე პანდემიური ფაზიდან ენდემურში? რა ფაქტორები განაპირობებს ენდემურობაზე გადასვლას? რა ვადა დასჭირდება კოვიდის ენდემურ დაავადებად გადაქცევას?

გრადი: თუ COVID-19 გახდება ენდემური, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება. საჭიროა, რომ ადამიანთა საკმარისმა რაოდენობამ მოიპოვოს იმუნიტეტი ვაქცინაციისა და ბუნებრივი დაინფიცირების გზით. შედეგად შემცირდება გადაცემა და გაცილებით ნაკლები იქნება COVID-19–თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კვლავ იარსებებს.

SARS-CoV-2–ის მოსალოდნელი ცირკულაცია განსხვავდება 2003 წელს SARS–ის პირველი გავრცელებისგან და 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელებისგან, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროების მიერ მიღებულმა ზომებმა საბოლოოდ შეაჩერა გავრცელება და დაასრულა ორივე ეპიდემია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსებსა და სიტუაციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, ეს შედარება ხაზს უსვამს გლობალური  ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კრიტიკულ აუცილებლობას, რათა დავაკვირდეთ და თავიდან ავირიდოთ მომავალი პოტენციური ვირუსი.

ვინაიდან ვირუსი ვრცელდება იქ, სადაც არის საკმარისი მოწყვლადი პირი და მათ შორის საკმარისი კონტაქტი გავრცელების შესანარჩუნებლად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა ვადაში გადავა COVID-19 ენდემურ ფაზაში.
ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ვაქცინაციისა და ბუნებრივი ინფექციისგან მიღებული იმუნიტეტის სიძლიერე და ხანგრძლივობა, ერთმანეთთან კონტაქტი, რომელიც გავრცელების საშუალებას იძლევა და ვირუსის გადაცემა. ასე რომ, შაბლონები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად განსხვავდებული იქნება სხვა პანდემიებისგან, COVID-19–ზე ჰეტეროგენული პასუხებისა და იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჩართულია „ნულოვანი კოვიდ“ პოლიტიკა, შეზღუდული რეაქციითა და ვაქცინების აუთვისებლობით.

HARVARD CHAN SCHOOL: რას გვეუბნება ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება Covid-19-ის მსგავსი მომაკვდინებელი ვირუსები დროთა განმავლობაში გახდეს მართვადი?

გრადი: ჩვენ ვიცით რამდენიმე რესპირატორული ვირუსი, რომელიც გავრცელდა მთელს მსოფლიოში და გადავიდა ენდემურ ფაზაში, ჩვეულებრივ ყოველწლიური ზამთრის პიკებით. ყველაზე ცნობილი მაგალითია 1918 წლის გრიპის პანდემია, გამოწვეული A/H1N1 გრიპის ვირუსით. მაგრამ გრიპის სხვა უახლესი მაგალითებიც არსებობს: 1957 წლის გრიპის პანდემია გამოწვეული A/H2N2 გრიპის ვირუსით, 1968 წლის გრიპის პანდემია A/H3N2 გრიპის ვირუსით და 2009 წლის A/H1N ვირუსით გამოწვეული "ღორის გრიპის" პანდემია. პანდემიები, როგორც წესი, იწყება სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლებით, ვიდრე მათი გავრცელების შემდგომ წლებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ფატალური მაჩვენებლების კლება შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი ფაქტორებით, ერთი სავარაუდო მთავარი მიზეზი არის ის, რომ პათოგენის ზემოქმედების პირველი რაუნდი უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას რეინფიცირებისა და დაავადების გართულებისგან, თუკი რეინფიცირება მოხდება.

HARVARD CHAN SCHOOL: რა არის ალბათობა იმისა, რომ ყოველწლიურად დაგვჭირდება ვაქცინის ბუსტერები?

გრადი: ყოველწლიური ბუსტერების საჭიროება არ არის დადგენილი, ძირითად კითხვებზე პასუხები ჯერ ისევ არ გვაქვს. ბიოლოგიის მხრივ, რამდენად დავინახავთ ანტიგენურ ევოლუციას SARS-CoV-2– ში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად განვითარდება ის ჩვენი იმუნური სისტემისგან თავის ასაცილებლად? ჩვენ გვაქვს ორგვარი მაგალითები  - ზოგიერთი ვირუსი, გრიპის მსგავსად, მოითხოვს განმეორებით ვაქცინაციას ანტიგენური ევოლუციის გამო, ზოგის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი კი, წითელას მსგავსად, ბავშვობაში ვაქცინირებიდან ათწლეულების მანძილზე ინახება. რამდენ ხანს გრძელდება იმუნური დაცვა და როგორია ეს დაცვა? რამდენად ამცირებს ვაქცინით მიღებული დაცვა ინფექციის ალბათობას, ინფიცირების შემთხვევაში მძიმე გართულებებს, ან დაინფიცირების შემთხვევაში გადაცემის ალბათობას? რამდენად სწრაფად იკლებს თითოეული ეს მაჩვენებელი? პოლიტიკის თვალსაზრისით, რამხელა ტვირთს შეიძლება გაუძლოს მოსახლეობამ?

ეს პოლიტიკური კითხვები, რა თქმა უნდა, სცილდება COVID-19-ს და ამან უნდა გვაიძულოს გადავაფასოთ ის, რისი გაკეთებაც გვსურს სხვა დაავადებების პრევენციისათვის. ჩვენ ვიმყოფებით რესპირატორული სინსიციალური ვირუსის (RSV) ტალღის შუაგულში, სხვა რესპირატორული ვირუსისა, რომელიც უმეტესად იწვევს გაციებისა და გრიპის მსგავს სიმპტომებს, მაგრამ იგი შეიძლება ბევრად უფრო მძიმედ წარიმართოს ჩვილებში, ხანდაზმულებსა და რესპირატორული დაავადებების მქონე პირებში. ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამტკიცებული ვაქცინა, ან ეფექტური მკურნალობა RSV ვირუსისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტური გრიპის ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები,  წელიწადში 20 000-დან 60 000-მდე ადამიანი იღუპება აშშ-ში გრიპისგან. გლობალური მასშტაბით, ტუბერკულოზი და მალარია რჩება უზარმაზარ პრობლემად. ინვესტირება ამ სფეროებში და სხვა ზომები, რომლებიც ჩვენ ვისწავლეთ COVID-19–სგან, როგორიცაა განიავებისა და ნიღბების ტარების მნიშვნელობა, ხელს შეუწყობს თავის დაცვას რიგი რესპირატორული ვირუსებისაგან. ასევე სიკვდილიანობის შემცირებას. ეს ცოდნა ინოვაციას შეიტანს  სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებში.

წინა პანდემიებმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენს კარებსა და ფანჯრებზე არსებული ბადეები აკავებენ ყვითელი ცხელებისა და მალარიის გადამტან კოღოებს. კანალიზაციის სისტემებმა და სუფთა წყალმა აღმოფხვრა ტიფისა და ქოლერის ეპიდემიები. შესაძლოა, COVID-19-ისგან მიღებული გაკვეთილებმაც გამოიწვიოს მსგავსი გრძელვადიანი პროგრესი დაავადების პრევენციის მხრივ ინდივიდუალური და გლობალური ჯანდაცვის სფეროში.