
სალიზინგო კომპანიების ასოციაცია სექტორის რეგულირების საკითხს ეხმაურება. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რეგულირების ფარგლებში დარგში შენარჩუნდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები და ხელი შეეწყოს ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლას.
„ეროვნული ბანკი სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულ ინსტიტუციებთან ერთად, ჩართულია როგორც რეგულირების, ასევე მისი პროცესის საკითხის განხილვაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დარგის სწრაფ განვითარებას.
სალიზინგო კომპანიების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები, სს თბს ლიზინგი, შპს საქართველოს სალიზინგო კომპანია, სს ბბ ლიზინგი და სს ალიანს ჯგუფი ლიზინგი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართული საქართველოში სალიზინგო ბაზრის განვითარებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და დანერგვაში.
ლიზინგი წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ყველაზე ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორიც არის წარმოება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ა.შ. სალიზინგო დაფინანსება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაზე, არ ზრდის ჭარბვალიანობას და არ წარმოქმნის დამატებით ტვირთს მეწარმეებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ლიზინგის როლი ქვეყნის ეკონომიკაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანაში, ენერგო ეფექტურობის ზრდასა და წარმოების განვითარებაში. მისი გავლენა ეკონომიკასა და დასაქმებაზე საკმაოდ მყისიერია, რასაც ადასტურებს საერთაშორისო გამოცდილება. დარგის სწორი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება მისი ეფექტიანი ზრდისთვის, ასევე, ახალი მოთამაშეების შემოსავლისათვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მეწარმეებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების არჩევანის მრავალფეროვნებას.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სალიზინგო კომპანიების ასოციაცია მხარს უჭერს დარგის განვითარებას და საერთაშორისო ექსპერტების პოზიციას, ხელი შევუწყოთ თავისუფალი ბაზრის შენარჩუნებას, კონკურენციის ზრდას, არსებული მოთამაშეების განვითარებას და ახალი კომპანიების შემოსვლას ბაზარზე“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, სალიზინგო კომპანიები შესაძლოა, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სალიზინგო სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.