LIVE

ახალი კანონი ჩინეთს ტექნოლოგიური კომპანიების დახურვის უფლებას აძლევს

11 ივნ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
ახალი კანონი ჩინეთს ტექნოლოგიური კომპანიების დახურვის უფლებას აძლევს
Andrea Verdelli/Getty Images

მონაცემთა უსაფრთხოების ახალი კანონი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ტექნოლოგიური კომპანიების დახურვისა და დაჯარიმების უფლებას აძლევს. კომუნისტური ხელისუფლების მიზანია, აკონტროლოს მონაცემები, რომლებსაც ფლობენ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა Alibaba Group-ი და Tencent Holdings-ი.

კომპანიებს, რომლებსაც “მთავრობის ძირითადი მონაცემების” არასწორად გამოყენებაში დაადანაშაულებენ, შეიძლება აიძულონ ოპერაციების შეჩერება, გაუუქმდეთ ლიცენზია, ან დაჯარიმდნენ $1.6 მილიონამდე. 

ის კომპანიები, რომლებსაც ხელისუფლება საზღვარგარეთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მონაცემების გადასცემაში დაადანაშაულებს, შეიძლება დაჯარიმდნენ 5 მილიონ იუანამდე და შეწყვიტონ საქმიანობა. 

კანონის თანახმად, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღება ეროვნული უსაფრთხოების ცენტრალური ორგანოების მიერ. 

სი ძინპინის ადმინისტრაციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ტექნოლოგიური კომპანიების მიერ წარმოებული ინფორმაციის შენახვაზე, რაც ფართო პოლიტიკის ნაწილია - პეკინი ინვესტიციებს დებს მონაცემთა ცენტრებში და სხვა ციფრულ ინფრასტრუქტურაში, რათა ელექტრონული ინფორმაცია გახდეს ეკონომიკის მამოძრავებელი და განამტკიცოს კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობა.

2019 წელს ჩინეთის ციფრული ეკონომიკა გაცილებით სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მშპ, იტყობინება ჩინეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აკადემია. ქვეყანა 2025 წლისთვის გლობალური მონაცემების დაახლოებით მესამედის მფლობელი გახდება - დაახლოებით 60%-ით მეტის, ვიდრე აშშ.

მონაცემთა ახალი კანონი, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს სამომავლო წესების ფართო ჩარჩოს ინტერნეტ სერვისებთან დაკავშირებით, ასევე იცავს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ღირებული მონაცემების კონტროლს, განბლოკვას და გამარტივებას. ეს შეიძლება შეიცავდეს სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა შეინახოს და დამუშავდეს გარკვეული ტიპის მონაცემები.

ჩინეთი, სავარაუდოდ, წელს მიიღებს კონფიდენციალობის დაცვის შესახებ კანონმდებლობასაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია