LIVE

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს

04 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს
Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) 2021 წელს მსოფლიოში არსებული, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. სენატში დაგეგმილ მოსმენამდე დოკუმენტი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. DIA-ს ანგარიშში საუბარია საქართველოზეც.

„2008 წლიდან რუსეთმა შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით და საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებით. რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისე ათავსებს რუს მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიებისა და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, უარყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, დააბრუნოს ჯარები ომამდელ პოზიციებზე.

კრემლის მოთხოვნილება, დარჩეს უსაფრთხოების დომინანტურ პროვაიდერად რეგიონში, რომელსაც „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს, გაიზარდა, რადგან მოსკოვის ეკონომიკური გავლენა რეგიონში უფრო საშიში გახდა გარე მოთამაშეების წინაშე, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, მაგალითად ჩინეთი. ამასთან, NATO-ს პარტნიორებთან და სხვა გარე მხარდამჭერებთან საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ასახავს რუსეთისთვის უსაფრთხოების დომინირების უფრო რთულ გარემოს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

DIA-ს განცხადებით, რუსეთის ჯარი არის შეერთებული შტატების ეგზისტენციალური საფრთხე და მძლავრი იარაღი, რომლის მიზანია, გავლენა შეინარჩუნოს მეზობლად მდებარე სახელმწიფოებზე, კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს გლობალურ უპირატესობას და დაიმორჩილოს მოწინააღმდეგეები, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეჭვქვეშ აყენებენ. მოსკოვი შეერთებულ შტატებსა და NATO-ს უსაფრთხოების, გეოპოლიტიკურ ამბიციებისა და მმართველი რეჟიმის შენარჩუნების მთავარ საფრთხედ განიხილავს.

„დასავლეთთან კონკურენციისთვის მოსკოვი გამოიყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ, სადაზვერვო, საზოგადოებრივ და სამხედრო მოქმედებებს პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის შენარჩუნებით“,- ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთი სამიზნეა NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც მგრძნობიარე არიან რუსეთის გავლენის მიმართ - არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ისტორიული, კულტურული ან რელიგიური კავშირი აქვთ რუსეთთან, არამედ კორუფციის, უკმაყოფილო მოსახლეობის ან სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რათა შეიმუშაოს პოლიტიკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა NATO, ტრანზიტის უფლებები, ან ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის განლაგება. მოსკოვი ასევე ცდილობს შეარყიოს NATO-ს ერთგულება კოლექტიური თავდაცვის სფეროში.

DIA-ს შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი მნიშვნელოვნად გააფართოებენ ბირთვული ქობინების მარაგს. მოსკოვის მარაგის მოსალოდნელი გაფართოება, პირველ რიგში, განპირობებულია არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მარაგების ზრდით. რუსეთმა გამოიყენა სამხედრო დონის ქიმიური   იარაღი, „ნოვიჩოკი“ 2018 წელს ბრიტანეთში მკვლელობის მცდელობისას, ასევე, 2020 წლის აგვისტოში მისი გამოყენებით რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ქიმიური იარაღის პროგრამას ინარჩუნებს.

დოკუმენტში განხილულია უკრაინის ფაქტორი.

„აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უკვე რვა წელია მიმდინარეობს და რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება კიევის მისწრაფებებს გეოსტრატეგიული ორიენტაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. 2020 წლის 27 ივლისს რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე, რამაც შეამცირა ძალადობის დონე თითქმის ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ტენდენცია 2021 წლის იანვარში დაიწყო და აპრილში რუსეთმა ყირიმსა და საზღვრის გასწვრივ დიდი ოდენობით სამხედრო ძალები განალაგა. სავარაუდოდ, მიზანი სამხედრო წვრთნები იყო, მაგრამ ეს მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რათა ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე კრემლის მოთხოვნების მისაღებად“,- ნათქვამია დოკუმენტში.