LIVE

როგორ შეცვალა პანდემიამ ვირტუალური ღონისძიებების ეკონომიკა

24 აპრ 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1255
როგორ შეცვალა პანდემიამ ვირტუალური ღონისძიებების ეკონომიკა
Bloomberg

ბოლო წლების განმავლობაში ვიდეო შინაარსის მოხმარება სტაბილურად იზრდებოდა - ტელევიზიიდან დაწყებული, სტრიმინგ პროგრამებით და სოციალური მედიის პლატფორმებით დამთავრებული. მაგრამ გართობის სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი "ლაივსტრიმინგი" პანდემიამდე აკლდა.

თუმცა, პანდემიის დროს დიდი შეკრებების აკრძალვის პირობებში, მუსიკოსებმა და სამხატვრო ორგანიზაციებმა დაიწყეს ცოცხალი წარმოდგენების სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე განთავსება.

აღმოჩნდა, რომ ეს საოცრად ინტიმური გამოცდილებაა, რადგან კამერები მკაფიოდ კონცენტრირებულნი არიან ვარსკვლავებზე. ყველა მნახველს აქვს წინა რიგის ბილეთი, რომ დროში უნიკალურ მომენტს დაესწროს - ასობით, ათასობით ან თუნდაც მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად. (პოპვარსკვლავ დუა ლიპას ვირტუალურმა კონცერტმა მადლიერების კვირის ბოლოს 5 მილიონზე მეტი მაყურებელის ყურადღება მიიპყრო.)

პერსპექტიულია ასევე ფასიანი ვირტუალური ღონისძიებების ეკონომიკა. სტრიმინგ კონცერტმა შეიძლება ტიპიური ბილეთის ფასის მეათედი შეადგინოს, მაგრამ მსოფლიო აუდიტორიაზე წვდომა დანაკლისს ადვილად შეავსებს, 10- ჯერ მეტი მაყურებლის მოზიდვით. ასევე, შემსრულებლებს შეუძლიათ უფრო მეტი ფასი დაადონ VIP წვდომას ან მადლიერ ფანებს მოუწოდონ დატოვონ ე.წ "თიფები".

ამასთან, წარმოების მხრივ, "ლაივ" წარმოდგენების ხარჯების უმეტესობა სწრაფად შემცირდა კარგი მიკროფონისა და ახალი სმარტფონების ღირსეული კამერის ხარჯზე. გართობის ინდუსტრიის თითქმის ყველა წარმომადგენელმა - პანდემიამდე ცნობილებმა და უცნობებმა - შეძლეს TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, Patreon- სა და სხვა პლატფორმებზე მიმდევრების შეძენა.

პანდემიამ ასევე გამოიწვია ცოცხალი შინაარსის საერთო აუდიტორიის მასიური ზრდა. ლაივ სტრიმინგის პიონერმა Twitch- მა, რომელიც Amazon-ს ეკუთვნის, ზოგიერთ კატეგორიაში აუდიტორიის 300% -იანი ზრდა დაფიქსირა, მთლიანად ინდუსტრიაში კი საათების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ 2020 წლის მარტიდან აპრილამდე ხალხმა ლაივ შინაარსის ყურებაში დახარჯა 45%-ით გაიზარდა.

ამასობაში, სახლში დარჩენილი შემსრულებლები და შემქმნელები აუდიტორიამდე მიღწევის ახალ გზებს ეძებდნენ, რამაც სტრიმინგის მოდელების ინოვაციას შეუწყო ხელი. ამ კვირაში, Spotify-ისა და Beats Music- ის ვეტერანმა უდიდესი ფსონი დადო პრემიუმ ლაივსტრიმინგის გრძელვადიან პერსპექტივებზე და პლატფორმა სახელწოდებით Doors გამოაცხადა, რომელიც მუსიკოსებს საშუალებას მისცემს მოამზადონ და შეასრულონ ონლაინ კონცერტები, დაუკავშირდნენ თაყვანისმცემლებს და მართონ ბილეთების გაყიდვები და ჰონორარები ერთ ადგილას.

ხოლო შემქმნელებზე ორიენტირებული სოციალური მედია პლატფორმების ზრდის წყალობით, როგორიცაა TikTok-ი და Instagram-ი, "ლაივსტრიმინგმა" ისეთი ტიპის და მასშტაბის კრეატიულობას და თანამშრომლობის დონეს მიაღწია, რაც აქამდე არ ყოფილა.

ჩნდება ახალი პლატფორმები, რომლებიც სპეციალურად ამ მოთხოვნაზე კონცენტრირდებიან- ამ მიმართულებას Clubhouse-ი და Discord-ი ხელმძღვანელობენ. ეს აპლიკაციები ხელს უწუობენ ახალი "ლაივსტრიმინგის" ვარსკვლავების გაჩენას და უკვე შესაძლებლობას აძლევენ შინაარსის შემქმნელებს მიიღონ სხვადასხვა ტიპის გადახდები მათი თაყვანისმცემლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ნამდვილ ლაივ ღონისძიებებზე დასწრება მოენატრა, სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი "ჰიბრიდული" გახდება და სტრიმინგის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც პირადად ვერ ესწრება ღონისძიებას.

"ეს ახალი შემოქმედებითი ფორმაა ცოცხალი შესრულების. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ" - განუცხადა დუა ლიპას ღონისძიების ერთ-ერთმა დიზაინერმა Rolling Stone- ს. მედიის სამყარო ფართოვდება ჩვენს თვალწინ. ერთადერთი შეზღუდვა კი ჩვენი მადაა, რომელიც ნამდვილად დიდია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ დიუკ კომინერსი