LIVE

მდიდარი ნიუ-იორკელებისთვის გადასახადები 51,8%-მდე იზრდება

08 აპრ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
მდიდარი ნიუ-იორკელებისთვის გადასახადები 51,8%-მდე იზრდება
Jeenah Moon/Bloomberg

გასულ წელს ნიუ-ორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ, პრაქტიკულად სთხოვა ქალაქიდან გაქცეულ მდიდრებს, რომ ნიუ-იორკში დაბრუნებულიყვნენ.

”ვახშამზე წავიდეთ, სასმელზე დაგპატიჟებთ, გამომიარეთ, მე მოვამზადებ”,- უთხრა მდიდარ ნიუ-იორკელებს კუომომ აგვისტოში. შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი პოლიტიკოსი ახლა გადახდას მათგან ელოდება.

სახელმწიფო დეპუტატებმა და კუომომ გადასახადების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა $212 მილიარდიანი ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება.

გარიგების თანახმად, გადასახადის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დროებით 8,82% -დან 9,65% -მდე გაიზრდება, ეს მხოლოდ $1,1 მილიონზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის. $5 მილიონიდან $25 მილიონამდე შემოსავალი 10,3% -ით დაიბეგრება, ხოლო $25 მილიონ დოლარზე მეტი 10,9%-ით. ახალი ტარიფების ვადა 2027 წელს ამოიწურება.

გადასახადების ფონდის თანახმად, მთლიანობაში, ნიუ იორკის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მცხოვრებლებისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 13,5%-დან 14,8%-მდე იქნება და კალიფორნიის 13,3%-ს გადააჭარბებს.

საერთო ჯამში, ექსპერტები ამბობენ, რომ ზრდა, ფედერალურ გადასახადებთან ერთად, ნიშნავს, რომ უმდიდრესი ნიუ იორკელებისთვის ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 51.8% იქნება, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

როგორც კონსერვატიული საგადასახადო ფონდის სახელმწიფო პროექტების ვიცე-პრეზიდენტი, ჯარედ ვალჩაკი აღნიშნავს, ”დამსაქმებლები და დასაქმებულები უფრო მეტად მობილურები არიან და ახლიდან ამოძრავებულ გადასახადის გადამხდელებზე გადასახადების გაზრდა სარისკო წინადადებაა. განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანებს აქვთ მნიშვნელოვნად გაზრდილი მოქნილობა და ბევრი უკვე დროებით გადასახლდა პანდემიის დროს. გადასახადის გადამხდელთა ყველაზე მობილურ ჯგუფზე გადასახადის განაკვეთების გაზრდა კარგი გზაა, რომ ბევრი მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით დაიკარგოს.”

ნიუ-იორკის ეს ნაბიჯი არის აშშ-ის უკანასკნელი მცდელობა შეავსოს ბიუჯეტის დეფიციტი მდიდრების დაბეგვრით.

ისინი, ვინც წელიწადში 400,000 დოლარზე მეტს შოულობს, უკვე ემზადებიან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაზრდილი ფედერალური გადასახადებისთვის, რომელიც ასევე ითვალისწინებს კორპორატიული გადასახადის გაზრდას 21%-დან 28%-მდე.

თუმცა, შტატის დონეზე გადასახადების გაზრდას განსხვავებული დინამიკა მოაქვს.

”კუომო აკეთებს ფსონს, რომ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა არ დატოვებს შტატის მაშინაც კი, თუ მათ გადასახადს მოუმატებს”,- ამბობს ენდრიუ სილვერმანი, Bloomberg Intelligence-ის საგადასახადო ანალიტიკოსი. სილვერმანი კუომოს ნაბიჯს სარისკოს უწოდებს.

"ცხადია, რომ ამ გადასახადების გაზრდის შედეგად ხალხი დატოვებს შტატსა და ქალაქს",- დასძენს ის.

ნიუ-იორკიდან წასულთა საერთო რიცხვი შეიძლება მცირე იყოს მთელ მოსახლეობასთან შედარებით, თუმცა ნიუ-იორკი მდიდარი ადამიანებისგან გადასახადების არაპროპორციულ წილს იღებს. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, შტატს 90-ზე მეტი მილიარდერი, ხოლო ქალაქს 30 000- ზე მეტი მილიონერი ჰყავს.

ქალაქის Independent Budget Office-ის თანახმად, ნიუ-იორკელთა მდიდარმა 1%-მა 2018 წელს, 133,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, ხოლო $4.9 მილიარდი ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა, რაც ქალაქის მიერ შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 42.5% -ს შეადგენს.

ასევე 2018 წელს, 1 786-მა გადასახადის გადამხდელმა 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ნიუ-იორკის მოსახლეობის 1%-მა დაახლოებით, 38 700-მა გადასახადის გადამხდელმა, თითქმის იმდენივე გამოიმუშავა, რაც ნიუ-იორკელების 90%-მა ჯამურად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მისირლენა ეგკოლოფოუფოუ