
ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს 133 მილიონ ლიტრს მიაღწევს. ამის შესახებ აღნიშნულია გალტ & თაგარტის ლუდის სექტორის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებამ მიმდინარე წელს 45 ლიტრი შეადგინა. მზარდი რიცხვების მიუხედავად, ეს მაჩვენებელი მაინც დაახლოებით ორჯერ ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 81 ლიტრს.
ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მილიონ ლიტრს მიაღწევს. საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში ლუდის მოხმარების ზრდას ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ზრდა განაპირობებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ლუდის მოხმარება მკვეთრად სეზონურია და 60% მაის-სექტემბერზე მოდის. სპორტული ღონისძიებების დროს ლუდის მოხმარება საშუალოზე 25%-ით მაღალია.
საქართველოში ლუდის 44.6% პლასტმასის ბოთლებით იყიდება, რადგან პლასტმასის ბოთლები ლუდის ჩამოსხმის ყველაზე ეკონომიური მასალაა. ამასთან, ქილის/შუშის ბოთლებსა და ბარის ლუდზე მოთხოვნა მზარდია.
კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პოპულარული 2.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული ლუდია, მას მოჰყვება 0.5-ლიტრიანი ქილის/ბოთლის ლუდი.