
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების განცხადებით, საზღვრის კვეთის პროცედურები, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხები და ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობა, კონტეინერების მოცდენას იწვევს. კომპანიების შეფასებით, ეს ყველაფერი ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას ქმნის.
არსებული პრობლემების შესახებ, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანიების (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან, BAG-ში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასაწყობების ცენტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეექსპორტის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
ბიზნესმა ყურადღება გაამახვილა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. კერძოდ კი, საბანკო პროდუქტების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე. საუბარი შეეხო საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს წარმოშობის სერტიფიკატებისა და საავანსო გადარიცხვების თემატიკას, რომელიც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა.
„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. შუა დერეფნის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს მოქნილი სისტემის შექმნას“, - განაცხადა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა მურჯიკნელმა.