LIVE

კონკურენციის სააგენტომ dressup.ge-ს მომხმარებლების დარღვეული უფლებების აღდგენა დაავალა

04 ოქტ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
კონკურენციის სააგენტომ dressup.ge-ს მომხმარებლების დარღვეული უფლებების აღდგენა დაავალა

კონკურენციის სააგენტომ შპს "თრეიდლაინთან" (dressup.ge) პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

შეთანხმების ფარგლებში, კომპანიას დაევალა:

  • შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო ვებგვერდზე www.dressup.ge და ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
  • ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
  • შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;
  • აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა.

უწყების განმარტებით, მოვაჭრე ვალდებულია, 1 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

"დრესაპ ჯგუფი" საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარებით ვაჭრობის სექტორში 1994 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მონობრენდულ, ასევე მულტიბრენდულ 100-მდე სხვადასხვა დასახელების მაღაზიას.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა.

ამ პერიოდში, 41 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.