ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ მომავალში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყნის საბანკო სისტემას დაუწესონ სანქციები. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით შეცვლილი წესის გამო ხაზარაძემ დღეს 17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია დააანონსა.
"ქალბატონი თურნავა, თავისი გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და, შესაბამისად, რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და ძალიან დიდი საფრთხე იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, მაგრამ საშიშროება გააჩინა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ.
ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება რა ზემოქმედება იქნა მოხდენილი, რადგან 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და ამ დეტალების განმარტება უნდა მოახდინოს ეროვნულმა საბჭომ.
ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს, ხუთ საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რადგან ძალიან მკაცრი პროცესი გამოვხატოთ იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით.
სურათი არის ნათელი: არის პრორუსული ძალა საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ, ბელარუსისკენ, ჩრდილოეთ კორეისკენ; და არის მეორე ძალა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცივილური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს.
ამ გადაწყვეტილებით და ყველა იმ წინა გადაწყვეტილებით, რომელიც იქნა მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას," - განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა საერთაშორისო სანქციების შესრულების წესი აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეცვალა.