LIVE

მთავრობამ 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

14 აგვ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
მთავრობამ 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

„დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება, მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგია ეკონომიკის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას და ამავდროულად, უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას.