LIVE

„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტიდან ₾1.4 მლნ დაიხარჯა

14 აგვ 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტიდან ₾1.4 მლნ დაიხარჯა

„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტისთვის, რომელიც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძემ ხიდის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე თავის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ისაუბრა. ბენდელიანის თქმით, გამყარდა ხიდის მარცხენა ბურჯი და საკიდები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადობის მხრივ ერთ-ერთი პრობლემური ხიდი იყო, ვინაიდან ეს სპეციალური საკიდები, რაზეც ხიდია დაკიდებული, ფაქტობრივად, არათანაბრად იყო დატვირთული. გარდა ამისა, მარცხენა მხარეს არსებული ხიდის ბურჯი, სრულად მწყობრიდან იყო გამოსული. მოეწყო ახალი ბურჯი და სპეციალური მოწყობილობებით საკიდების დაჭიმვა მოხდა, რის შედეგადაც დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ხიდი დაახლოებით 700 ტონას იწონის და გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, ძლიერი დატვირთვა აქვს ვიზიტორთა დიდი რაოდენობის გამო.

„ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა -  საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები.  აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება. ბენდელიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს, ასევე ჩატარდება ბაზრის კვლევა და რამდენიმე კვირაში ტენდერი გამოცხადდება.