LIVE

პრიგოჟინის აჯანყების ეფექტები ბაზრების სტაბილურობაზე - ექსპერტების ანალიზი

25 ივნ 202319:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1095
პრიგოჟინის აჯანყების ეფექტები ბაზრების სტაბილურობაზე - ექსპერტების ანალიზი

ვაგნერის ჯგუფმა 24 ივნისს მოსკოვისკენ მიმავალი გზიდან უკან დახევა დაიწყო. მისმა დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, აჯანყება შეწყვიტა

ეკონომიკის ექსპერტები პოლიტიკურ-სამხედრო არეულობის რუსეთის ბაზრის სტაბილურობასა და ინვესტორთა განწყობების ცვლილებაზე გავლენებს აფასებენ:

ქუინსი კროსბი, LPL Financial-ის მთავარი გლობალური სტრატეგი:

"ბაზრები, როგორც წესი, პოზიტიურად არ რეაგირებენ მსგავს მოვლენებზე, რომლებიც გაურკვევლობებს აჩენს," - განსაკუთრებით, თუკი ისინი პუტინთან და რუსეთთანაა დაკავშირებული. 

ექსპერტის თქმით, საერთაშორისო ბაზრები უახლოეს დღეებში "ფრთხილად" და "ფხიზლად" დააკვირდებიან რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. 

ნიკოლა მარინელი, ლონდონის  რეგენტის უნივერსიტეტის ფინანსთა ასისტენტ-პროფესორი:

"ბაზრებზე გავლენა დამოკიდებულია რუსეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლის საბოლოო შედეგზე; მოკლევადიან პერიოდში კი ამას საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ეფექტი ექნება."

გენადი გოლდბერგი, აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების სტრატეგიების ხელმძღვანელი TD Securities-ში:

"გააჩნია რა მოხდება მომდევნო დღეებში, თუმცა თუ რუსეთში პოლიტიკური ლიდერობის შესახებ გაურკვევლობა კვლავ გაგრძელდება, ინვესტორები უფრო სტაბილურ და უსაფრთხო ადგილებში გადავლენ."

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის რუსეთში პოლიტიკური გადატრიალების საფრთხე დეესკალირებულია, ექსპერტი მაინც ფიქრობს, რომ ინვესტორებს მომავალთან დაკავშირებით არასტაბილურობის შიში ამიერიდან უფრო დიდი ექნებათ.

ალასტარ ვინტერი, გლობალური საინვესტიციო სტრატეგი Argyll Europe-ში:

"რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობის სხვადასხვა სცენარით დასასრულის ნებისმიერი მოლოდინი გლობალურ ბაზრებზე ამერიკული დოლარისა და იაპონური იენის კურსზე დადებითად იმოქმედებს."

რიჩ სტეინბერგი, ფლორიდაში The Colony Group-ის ბაზრის მთავარი სტრატეგი:

"არეულობის დეესკალაციამ მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული შიშები შეამცირა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არასტაბილურია."

სტივ სოსნიკი, Interactive Brokers-ის მთავარი სტრატეგი:

"მსგავსი მოვლენები თავდაპირველ ეტაპზე შოკსა და ინვესტორების უსაფრთხო ქვეყნებში გადინებას იწვევს. პირველი ეფექტი ამერიკულ დოლარზე იქნება. გარდა ამისა, სარისკო აქტივები შემცირდება. საკითხავია, რამდენად მძიმე და ხანგრძლივი აღმოჩნდება  ეფექტები, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რუსეთზე დასავლეთის მიერ დაწესებული სავაჭრო ემბარგოებისა, იგი კვლავ აწვდის რესურსებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც, მაგალითად, ჩინეთია. შესაბამისად, გლობალური მიწოდების ქსელში რუსეთი კვლავ წარმოდგენილია. უნდა ველოდოთ ნავთობისა და სხვა რესურსების ფასების ზრდას.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დიდწილად გათიშულია გლობალური ეკონომიკიდან, ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი არასტაბილურობის გაჩენას თავისი ეფექტი ექნება ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე."

მაიკლ პურვესი, Tallbacken Capital Advisors-ის აღმასრულებელი დირექტორი:

"მსგავსი ტიპის შოკების ეფექტი მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც წესი, სერიოზული არაა, თუმცა ამჯერად იგი დიდ გავლენას მოახდენს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე იმის გათვალისწინებით, რომ აქციების ფასები მომატებულია.

ნებისმიერ დროს, როდესაც ასეთი ტიპის პოლიტიკური არეულობაა, მოკლევადიან პერსპექტივაში მოიმატებს ფასები იმ პროდუქტებზე, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში იწარმოება."

დევიდ კოტოკი, Cumberland Advisors-ის საინვესტიციო ოფიცერი სარასოტაში, ფლორიდაში:

"რუსეთში განვითარებული მოვლენები პოტენციურად სამოქალაქო ომზე მიუთითებდა. შესაბამისად, პოლიტიკური არეულობა გავლენას მოახდენს რუსული ენერგორესურსების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ ყიდულობენ. ეს პირველ რიგში პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება; მაგალითისთვის, ისეთ ქვეყანას, როგორიც ბელარუსია. სხვა რეგიონებში კი რუსეთის პოლიტიკურ არეულობას ეკონომიკური ეფექტები შესაძლოა ჰქონდეს უნგრეთისა და თურქეთისთვის."

ჯეიმი ჰალსი, სიდნეიში პორტფოლური ინვესტიციების მენეჯერი:

"ჰიპოთეტური მსჯელობით, თუკი პუტინს ძალაუფლებას ჩამოაშორებენ, უკრაინიდან რუსეთის ჯარები გავლენ და სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, ამას უდიდესი შედეგები ექნება რუსულ ბიზნესებზე, აღმოსავლეთ ევროპაში აქციების ფასებზე და შესაძლოა, ჩინურ აქციებზეც კი. 

სხვა შემთხვევაში, სამოქალაქო ომის წარმოდგენა ქვეყანაში, რომელიც ატომურ იარაღს ფლობს, მსოფლიოში ყველას არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენებს. შესაძლო სამოქალაქო ომის სამომავლო პერსპექტივების გათვლა რუსულ თუ გლობალურ ეკონომიკაზე ამ ეტაპისთვის ალბათ მაინც რთული ამოცანაა."