LIVE

თბილისში ბინის ქირა 101%-ით, გასაყიდი ფასი კი 39%-ით გაიზარდა - TBC Capital

25 აპრ 202314:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
თბილისში ბინის ქირა 101%-ით, გასაყიდი ფასი კი 39%-ით გაიზარდა - TBC Capital

2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინის გასაქირავებელი ფასი 101%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულებამ 13.2 დოლარი შეადგინა.

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მარტში წლიურად 39%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 153 დოლარი იყო. ფასების ზრდის ხარჯზე ბაზრის ზომა წლიურად 34%-ით გაიზარდა და 261 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმოხილვის თანახმად, საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ახალი (45%), ასევე ძველი ბინების (37%) შემთხვევაში. წინა თვესთან შედარებით კი ახალ ბინებში 6.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ძველი ბინების ფასი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა (0.2%).

რაც შეეხება ბინების გაყიდვების მაჩვენებელს, ერთ თვეში სულ 3 328 ტრანზაქცია განხორციელდა. წლიური კლება 7%-ია. თებერვალთან შედარებით კი გაყიდვები 2%-ით შემცირდა.

TBC Capital-ის თანახმად, I კვარტალში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 71%-ით გაიზარდა, რაც მომავალში ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.

„მთავარი ფაქტორები, რომელიც ბაზარზე დადებითად მოქმედებს, არის ლარის კურსის გამყარება და ისტორიულად მაღალი ამონაგები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 71%-ით არის გაზრდილი, რაც მომავალში ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. ამის გამო შესაძლოა, ბაზრის კორექცია, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან იყო მოსალოდნელი, უფრო ადრე დაიწყოს.

2023 წლის მარტში სულ 633 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლების მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც (-15%). ძველი ბინების შემთხვევაში (2,695 ტრანზაქცია) მკვეთრი ცვლილებები ნაკლებად შეიმჩნევა. წინა წელთან შედარებით 4%-ანი კლება დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-ანი მატება. შედეგად, ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 19%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის შეფასებით, მარტში მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა დაიკავა. მოთხოვნადი იყო ასევე 35-დან 50-მდე კვ.მ-მდე და 35 კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინები. ამავდროულად, გაყიდული ბინების მხოლოდ 6% აღემატებოდა 125 კვ.მ-ს. მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) და საშუალო (900-1,200 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში.

მიმოხილვის თანახმად, მარტში საბურთალო დაუბრუნდა პირველ ადგილს გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით. ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ წლიურად იკლო უბნების უმეტესობაში, თუმცა დიდუბესა (+63%) და ისანში (+37%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ძველი ბინების გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა შეინიშნება ჩუღურეთში (+46%) და კრწანისში (+44%). დადებითი ცვლილება ასევე დაფიქსირდა დიდ დიღომში (+9%), საბურთალოსა (+7%) და გლდანში (+4%). დანარჩენ უბნებში ძველი ბინების გაყიდვებმა იკლო.

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდა და ვაკე კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. მარტში მთაწმინდაზე კვადრატულის ფასი საშუალოდ 1,800 დოლარს აღემატებოდა. ამავე პერიოდში თითქმის ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. მხოლოდ ჩუღურეთის ძველი ბინების ფასების შემთხვევაში დაფიქსირდა წლიური კლება (11%).