LIVE

იაფი ფრენების დასასრული? - საჰაერო მოგზაურობის ახალი რეალობა ევროპაში

23 აპრ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1875
იაფი ფრენების დასასრული? - საჰაერო მოგზაურობის ახალი რეალობა ევროპაში

კლიმატის დაცვის კანონების გამკაცრების ფონზე ევროპულ ავიაკომპანიებს წინ ძვირი და რთული რამდენიმე ათწლეული ელით. შედეგად, სავარაუდოა, რომ ფასები გაიზრდება ავიაბილეთებზეც.

მოგზაურობის საძიებო სისტემის, Kayak-ის, თანახმად, საზაფხულო ფრენები კონტინენტურ ევროპასა და დიდ ბრიტანეთს შორის ამჟამად ⅓-ით უფრო ძვირია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო იზრდება მოსაზრება, რომ საჰაერო მოგზაურობა ახალ რეალობაში გადადის: მსოფლიო ავიაკომპანიები დეკარბონიზაციის უდიდეს გამოწვევებს აწყდებიან. ავიაკომპანიებს მოუწევთ კლიმატთან შესაბამისობის გამკაცრებულ კანონებთან შეთანხმება და მათი დაცვა. ამრიგად, ავიასივრცეში ხარჯების ზრდის საფუძველი კლიმატური ცვლილებები შეიძლება გახდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია ცვლილებები ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემაში (EU ETS). ზოგადად, ყველა ავიახაზისთვის, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში ხორციელდება, ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან, გადაიხადონ თანხა ემისიების გამოყოფისათვის. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე არსებული შეთანხმებით ავიაკომპანიები გამოყოფილი ემისიების ნახევრისთვის ფულს საერთოდ არ იხდიან. ეს შეთანხმება კი 2026 წელს დამთავრდება. შესაბამისად, ამან უნდა გაზარდოს ავიაკომპანიების დანახარჯები: სავარაუდოა, რომ სამ წელიწადში გაორმაგდება ის სავალდებულო ხარჯები, რომელთა გადახდაც ავიაკომპანიებს ნახშირორჟანგის გამოყოფისათვის მოუწევთ. ევროპული ტრანსპორტის ანალიტიკოსის, ალექს ირვინგის, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიებს ევროპაში 2027 წლისთვის ემისიების გამოყოფისათვის ჯამში დაახლოებით 5 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევთ. 

ნახშირორჟანგის გამოყოფისათვის გადასახდელი თანხა ევროპაში 2019 წლის შემდეგ უკვე გაოთხმაგდა და 25.3 ევროდან 94.5 ევრო გახდა. ამის გამო ავიაციას მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში მოუწევს შეიცვალოს და მეტად აღარ იყოს დამაბინძურებელი ინდუსტრია. თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი ამჟამად მსოფლიოში გლობალური გამონაბოლქვია 2.5%-ს ქმნის. აღნიშნული მაჩვენებელი ნულამდე უნდა დავიდეს, ხოლო ეს გეგმა 2050 წლისთვის ევროპაში უნდა განხორციელდეს. ამისათვის იგეგმება ინვესტიციების ჩადება ახალი თვითმფრინავების წარმოებაში, ალტერნატიული საწვავის დანერგვასა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაში. 

კვლევითი ჯგუფების, SEO Amsterdam Economics-სა და Royal Netherlands Aerospace Centre-ის ანგარიშის თანახმად, იმისათვის, რომ ავიაინდუსტრიამ ნულამდე დაიყვანოს ნახშირორჟანგის გამოყოფა 2050 წლისთვის, მას ჯამში 820 მილიარდი ევროს ხარჯის გაღება მოუწევს.

ალტერნატიულ საწვავზე გადასვლა მარტივი არ იქნება. ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემაში (EU ETS) ცვლილებებით კონტინენტზე მომუშავე ექვსი უმსხვილესი ავიაკომპანიის (Ryanair, EasyJet, Wizz Air, Vueling, Eurowings და Transavia) საოპერაციო მოგება დაახლოებით 77%-ით შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო მოთხოვნა შემცირდება. ამასთან დაკავშირებით ირვინგი განმართავს: “მოთხოვნის შემცირების გარეშე მეტის გადახდა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ავიაკომპანიები ფასს აქამდეც გაზრდიდნენ.”

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია ვარაუდობს, რომ 2040 წლისთვის თითქმის გაორმაგდება და 8 მილიონს მიაღწევს მგზავრების რაოდენობა. საინტერესოა, შეაფერხებს თუ არა აღნიშნულ პროგნოზს ბილეთების გაზრდილი ფასები, რასაც, თავის მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა ფრენაზე გადასვლის ამბიცია გამოიწვევს. 

აღსანიშნავია, გვახსოვდეს, რომ ევროპის გარშემო გადაადგილების სხვა გზებიც არსებობს. ხუთშაბათს Eurostar-მა ლონდონსა და ამსტერდამს შორის დამაკავშირებელი მარშრუტის გახსნის 5 წლისთავი აღნიშნა და განაცხადა, რომ ამ გზის წყალობით ატმოსფეროში 83000 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო. თუკი ავიახაზები გაძვირდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამან შესაძლოა სარკინიგზო ტრანსპორტი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახადოს. 

ავიაციის დეკარბონიზაციის საკითხში ბევრი რამ უცნობია; მათ შორის ტექნოლოგიები, რომელიც აღნიშნულმა სექტორმა უნდა დანერგოს, ანდაც თვითმფრინავები, რომლებმაც ეკოლოგიურად სუფთა - ელექტრო ან წყალბადის - საწვავზე უნდა იფრინონ. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: ეს იქნება რთული პროცესი ევროპული ავიაციისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბილეთების ფასებს.