LIVE

როგორ არღვევენ შუამავალი კომპანიები საზღვარგარეთ ქართველების შრომით უფლებებს

11 აპრ 202322:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
როგორ არღვევენ შუამავალი კომპანიები საზღვარგარეთ ქართველების შრომით უფლებებს

პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, დარეგულირდება იმ ადამიანებისა თუ სააგენტოების საქმიანობა, რომლებსაც სამუშაოს დაპირებით, თანხის სანაცვლოდ ქართველები უცხოეთში გადაჰყავთ.

ასეთი კომპანიები და პირები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, შუამავალ პირებს, როგორც სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულებს, მოუწევთ მოგების გადასახადის გადახდა. 

სპეციალისტების განმარტებით, მხოლოდ კანონის გამკაცრება გამოსავალი არ არის და რაც უფრო მეტი ადამიანი დააპირებს ქვეყნიდან წასვლას, მეტი გამოწვევა შეიქმნება.

"გაუგებარია, რა იქნება კონტროლის მექანიზმი, ანუ როგორ გაკონტროლდებიან ის ადამიანები თუ სააგენტოები, რომლებიც ხშირად ბიზნეს სუბიექტები არც კი არიან, რაც მათ მოძებნას კიდევ უფრო ართულებს. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად ბიზნეს აქტივობა კონტროლს გარეთ შესაძლოა განხორციელდეს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას EGI-ის დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი.

მიგრაციის კანონმდებლობის მიღმა, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ შუამავალი კომპანიების გამო, უამრავი ადამიანი დაზარალდა და საკმაოდ მძიმე პირობებში მოუწიათ საზღვარგარეთ მუშაობა. არიან ისეთები, რომლებმაც წასასვლელად საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადეს, თუმცა სამსახურის გარეშე, ქუჩაში დარჩნენ. ამ ადამიანებმა კი დღესაც არ იციან ვის უნდა მიმართონ ასეთ დროს. 

უნდა ითქვას ისიც, რომ შრომითი უფლებების დარღვევების დროს, არც საელჩო და არც საიმიგრაციო სამსახური დახმარების ვალდებულებას არ იღებს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" პროფკავშირებში უთხრეს, სწორედ პროფკავშირების გაერთიანებაა ის ორგანიზაცია, რომელსაც საზღვარგარეთ შრომითი უფლებების დარღვევისას ადამიანებმა უნდა მიმართონ. ორგანიზაცია საქართველოდან, მათ პარტნიორ ორგანიზაციას უკავშირდება უცხოეთში და სწორედ ამ გზით ცდილობენ დაზარალებულებს შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიონ. 

მიმდინარე ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, რომლის მოსაგვარებლად პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები გერმანიაში გაემგზავრნენ, ქართველი გაფიცული ტრაილერის მძღოლების საქმეა. ქართველი მძღოლები გერმანიაში პოლონურმა კომპანიამ დაიქირავა, თუმცა მათ ხელფასი არ გადაუხადა. 

"პირდაპირ უნდა მოგვმართონ პროფკავშირების გაერთიანებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად, ახლაც კი როგორც გერმანიის, ისე თბილისის სასამართლოში ორი მიმდინარე სამართლებრივი დავაა, საქართველოში შუამავალი კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველებს თაღლითურად გადაყვანას დაჰპირდნენ და გერმანიაში, არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების წინააღმდეგ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა. 

ცნობისთვის, მიგრაციის შესახებ კანონში ბევრი ახალი ჩანაწერი ჩნდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას უფლება ექნება უცხოელები საქართველოში არ დაასაქმოს, თუ კი ჩათვლის, რომ ბაზარი კონკრეტული სფეროს პროფესიონალებით ისედაც გაჯერებულია. ამასთან შეუძლია, რომ პირიქით მოიქცეს მუშა ხელი ჩამოიყვანოს, ბაზარზე ამის საჭიროება თუ გაჩნდება.