LIVE

რუსეთის სასამართლომ Volkswagen-ის აქტივები გაყინა

20 მარ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 298
რუსეთის სასამართლომ Volkswagen-ის აქტივები გაყინა

ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის სასამართლომ Volkswagen-ის რუსეთში არსებული აქტივები სრულად გაყინა. 

გასულ წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებისა და აგრესორზე დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ, Volkswagen-მა, სხვა უცხოურ ავტომწარმოებლებთან ერთად, რუსეთში ოპერაციები შეაჩერა.

მას შემდეგ გერმანული ავტომწარმოებელი რუსული აქტივების გაყიდვას ცდილობდა. Volkswagen-ის ერთ-ერთი ქარხანა რუსეთის ქალაქ კალუგაში წელიწადში 225 000 ავტომობილს აწარმოებდა. წარმოება 2022 წლის მარტიდან სრულად შეწყდა. 

რუსულ ავტომწარმოებელ კომპანია GAZ-ს წარმოებასთან დაკავშირებით კონტრაქტი ჰქონდა დადებული Volkswagen-თან. სასამართლო განხილვებში GAZ აცხადებდა, რომ Volkswagen-ის მცდელობა, გასულიყო რუსული ბაზრიდან, მის ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა და იგი გერმანული ავტომწარმოებლისაგან 15.6 მილიარდი რუბლის ($201.3 მილიონი) ანაზღაურებას ითხოვდა იმ ზარალისთვის, რომელიც რუსულ ფირმას გერმანული კომპანიისაგან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო მიადგა. 

GAZ-თან დავის ფონზე რუსული სასამართლოს ორშაბათის გადაწყვეტილებით ქვეყანაში Volkswagen-ის აქტივები სრულად გაიყინა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებენ როგორც რუსული მხარე და GAZ, ისე Volkswagen. 

კვირის დასაწყისში ჩეხურმა ავტომწარმოებელმა Skoda Auto-მ, რომელიც Volkswagen Group-ის ნაწილია, განაცხადა, რომ რუსული აქტივების გაყიდვის ბოლო ეტაპზე იყო. 

რუსული მხარის განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ “არამეგობრულ” ქვეყნებს, ესე იგი მოდიან იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსული აქტივების გაყიდვაზე ესაჭიროებათ ოფიციალური ნებართვა სამთავრობო კომისიისაგან. აქტივების გაყიდვებზე დაწესებული აღნიშნული შეზღუდვის შესაბამისად უცხოელი ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთი აქტივების ნაციონალიზაციას მოახდენს. 

გასული წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში Sakhalin-2-ის გაზისა და ნავთობის პროექტი სახელმწიფოს კონტროლში გადავიდა, რითაც Shell-სა და ორ იაპონურ კომპანიას პროექტის თითქმის 50% წაერთვა. 

რუსული ბაზარი სხვა დასავლურმა ავტომწარმოებლებმაც დატოვეს. გასულ წელს ფრანგულმა Renault-მა თავისი წილი რუსულ კომპანია Avtovaz-ში რუსეთის ხელისუფლებას სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც ერთ რუბლად, მიჰყიდა, რითაც სრულად ჩამოწერა აქტივები, რომლებსაც ადრე 2.2 მილიარდ ევროდ აფასებდა. 

რუსული ავტოინდუსტრია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მძიმედ დაზარალდა. წარმოება სფეროში, სადაც რუსეთი დასავლურ ინვესტიციებსა და აღჭურვილობაზე იყო დამოკიდებული, გასულ წელს 67%-ით შემცირდა, რითაც ავტომობილების წარმოება რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა.