LIVE

საქართველო - რუსული ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტის ხაზი - Bloomberg

10 მარ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1417
საქართველო - რუსული ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტის ხაზი - Bloomberg
VANO SHLAMOV/AFP

თბილისში სპეცრაზმის მხრიდან ორდღიანი ძალადობრივი წინააღმდეგობის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეები გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ გაიწვევს სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს, რის გამოც საქართველოში დემონსტრაციები დაიწყო.

როგორც Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია აღნიშნული, თბილისში განვითარებული სცენარი 2014 წლის მაიდნის ამბებს ჰგავს, როდესაც კიევი სავსე იყო მოქალაქეებით, რომლებიც აპროტესტებდნენ, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ, მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს მყიფე დემოკრატიას ახლა მსგავსი სახიფათო მომენტი უდგას. პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკუაგდოს საქართველოს დასავლეთისკენ სვლა, ისევე როგორც უკრაინის.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო უკრაინის საწინააღმდეგო კამპანია, როდესაც სეპარატისტების სახელით, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შეიჭრა, რაც ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ეთნიკური წმენდით დასრულდა. დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პუტინმა კი ეს სცენარი ერთგვარ შაბლონად გამოიყენა 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, რასაც ჯერ დონბასში, შემდეგ კი მთლიან უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია და შეჭრა მოყვა.

უახლოეს ისტორიაში, აშშ-სა და ევროპის მხრიდან სტრატეგიულ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ყურადღების, ნათელი სტრატეგიისა და გავლენების ნაკლებობა შეიმჩნევა. ამან შეუწყო ხელი პუტინს, რეგიონში თავისი რუსული ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტის ხაზი გაეხსნა.

სამხრეთ კავკასიის მცირე ზომის მიუხედავად, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ცალსახაა: იგი ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, რაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ძირითად სატრანზიტო გზას წარმოადგენს. ამჟამად, ხალხი, რომელიც დასავლეთს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს, საფრთხეშია.

ქართველები ქუჩებში ბევრჯერ გასულან დემოკრატიისა და თავიანთი ქვეყნის დასავლური კურსის დასაცავად, ჯერ კიდევ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც. მიმდინარე პროტესტი კი იმ კანონპროექტის ინიცირებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებსაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, „უცხო ქვეყნის აგენტებად“ მოიხსენიებს და ამ ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, გარკვეულ ჯარიმებსაც გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მმართველი გუნდის - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.

ხსენებული კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში ადამიანის უფლებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ დოკუმენტს ჰგავს. საქართველოში, ეს დოკუმენტი ააშკარავებს მთავრობის ნამდვილ სახეს, რომელიც დასავლური მისწრაფებების დეკლარირების ფონზე, პუტინის საამებლად მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს დასავლეთში განგაშის ზარი უნდა მოჰყვეს. საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრაექტორია ზიგზაგისებურია, მაგრამ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროიდან, ეს კურსი პროდასავლურადაა გამოცხადებული.

2004 წლიდან მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა დასავლეთს. აშშ-მა „სტრატეგიული პარტნიორობა“ დაამყარა საქართველოსთან; ევროკავშირმა - 2014 წელს ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველომ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ სურს ევროკავშირსა და ნატოში „სრული ინტეგრაცია“ (რასაც არსობრივად ეწინააღმდეგება ზემოხსენებული უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი).  

მაშინ, როდესაც ქართველების უმრავლესობა პროდასავლურია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოსკოვისკენ სვლის ტემპს უმატა. ივანიშვილი, რომელიც 2012 წლიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, ამჟამად ოფიციალურ პოსტს არ იკავებს, თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ ის ინარჩუნებს ჩრდილოვან მმართველობას. მიიჩნევენ იმასაც, რომ ის პუტინის ახლო მოკავშირეცაა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ამავდროულად, 55 წლის სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში აფარებდა თავს, საქართველოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების თქმით, მას ციხეში აწამებდნენ.

ორი ღამის განმავლობაში, როდესაც აქციის მონაწილეებს არბევდნენ, მათ დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს და დაამტკიცეს, რომ ბრძოლაში უკან არ დაიხევენ. კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან, მმართველი გუნდის ზრახვების დემონსტრირებას ახდენს. ისინი ალბათ არ შეჩერდებიან. პუტინს კი ენდომება, რომ საქართველოში მაიდნის სიტუაცია არ დასრულდეს უკრაინის სცენარით - პრორუსული მთავრობის კაპიტულაციით.

მოსაზრების ავტორი: ტერეზ რაფაელი, Bloomberg