LIVE

რას წერს ევროკომისია საქართველოში სტატისტიკის წარმოებისა და ფულის გათეთრების შესახებ

03 თებ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 377
რას წერს ევროკომისია საქართველოში სტატისტიკის წარმოებისა და ფულის გათეთრების შესახებ

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, მიმოხილულია ქვეყანაში სტატისტიკის, კაპიტალის გადაადგილების, საჯარო შესყიდვების, ფინანსური კონტროლის და სხვა სექტორების მომზადების დონე. 

ანგარიშის თანახმად, სტატისტიკის ეროვნულ სისტემას სჭირდება შემდგომი კოორდინაცია და თანამშრომლობა მრავალ სამთავრობო ინსტიტუტს შორის, რათა გაიზარდოს მონაცემთა წყაროებზე წვდომა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. მოსახლეობისა და საცხოვრებელი სახლების მორიგი აღწერა 2024 წელს არის დაგეგმილი. მოსახლეობის რეესტრი ჯერ კიდევ არ შექმნილა. ევროსტატისთვის გადაცემული დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, მაგრამ საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკა არასრულია. 

საქართველოს მცირე გამოცდილება აქვს გარემოსდაცვითი ანგარიშების შესახებ და ქვეყანაში ნარჩენების სტატისტიკა არ არსებობს. 

შეჯამების სახით, დოკუმენტი ასკვნის, რომ სტატისტიკის მხრივ, საქართველოს აქვს "მომზადების გარკვეული დონე". 

დიდწილად, არსებობს საჭირო ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები სტატისტიკური მონაცემების მოსამზადებლად და სისტემის შემდგომი განვითარებისათვის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტატისტიკის სფეროში რესურსები არასკმარისია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რიცხვი. ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში დასაქმებული მოხელეების დონეს. შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც.

ანგარიშის თანახმად, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ზომიერად მომზადებულად ფასდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო კარგ პროგრესს აღწევს.

საქართველო შეუერთდა მეოთხე დირექტივას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და მეხუთე დირექტივასთან შესაბამისობის პროცესშია.

საერთო შეფასებით, კოორდინაციის მექანიზმი არსებობს ქაღალდზე, მაგრამ ჯერაც მიუღწეველია სრულად ეფექტური კოორდინაცია და სამეთვალყურეო, სამართალდამცავ და პროკურატურის ორგანოებს შორის თანამშრომლობა. 

ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, წერია, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 30-ზე მეტ სფეროში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიღწევები უმეტეს შემთხვევაში საშუალოდ მომზადებულად ან მომზადების გარკვეული დონის მქონედ არის შეფასებული.