LIVE

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა - წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ/სთ იქნება

07 ნოე 202214:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1195
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა - წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ/სთ იქნება

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH) ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღო. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, 9.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის ეს სადგური ყველაზე დიდია 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის. მისი წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ/სთ იქნება.

ახალქალაქის ჰესი მდინარის მოდინებაზე მომუშავე, კასკადური ტიპის მცირე ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკად კორხზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.

პროექტი ისლანდიის ყველაზე მსხვილ ენერგომწარმოებელ სახელმწიფო კომპანია LANSVIRKJUN-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

„საქართველოში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პრეცედენტს ვქმნით. გარდა იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უჩენს ადგილობრივ მოსახლეობას, აუმჯობესებს მის საცხოვრებელ პირობებს“, - განაცხადა CCEH-ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

პროექტის ფარგლებში საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში განხორციელდა არაერთი სოციალური პროექტი: სოფელ კორხში აშენდა სპორტული დარბაზი, სოფელ ორჯაში მოეწყო წყლის სატუმბი სადგური, სოფელ დილისკაში სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტებით ამ სოფლებში მცხოვრები 835 ოჯახი, სულ 3300-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი ჰესი და წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი 2 პროექტია. ჰოლდინგის საინვესტიციო პაკეტი 150 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს. აქედან დღემდე განხორციელებულ პროექტებში ჩადებული ინვესტიცია 75 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.