LIVE

ალიევი "კავკასუსის" მფლობელზე: NEQSOL-ს კომერციულად მომგებიანი პროექტის გაკეთება სურს

02 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
ალიევი "კავკასუსის" მფლობელზე: NEQSOL-ს კომერციულად მომგებიანი პროექტის გაკეთება სურს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ NEQSOL Holding-ი, აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც "კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელია და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის, კერძო კომპანიაა და მისი მიზანია, მომგებიანი პროექტი შექმნას. ალიევი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის გეგმები რეგიონში არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრული ჰაბის როლის შესრულებასაც მოიცავს.

განიხილეს თუ არა ეს საკითხი თბილისში გამართული შეხვედრისას უცნობია, თუმცა პროექტი რომელზეც ალიევმა გასულ კვირას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სწორედ ციფრულ ჰაბს და "კავკასუსის" ირგვლივ მიმდინარე დავას უკავშირდება.

"აზერბაიჯანი რეგიონში ჰაბად იქცა არამხოლოდ ენერგეტიკული, არამედ სატრანსპორტო კუთხითაც. ჩვენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას ვასრულებთ როგორც კასპიის ზღვის, ასევე ევროპის რეგიონში. ინვესტიციებმა, რომელსაც სატრანსპორტო სფეროში ვდებთ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და ხელი შეუწყო საერთაშორისო კოოპერაციას. ყველაფერი დაიწყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებით - გაზისა და ნავთობის მილსადენები რომელიც აზერბაიჯანზე გადის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

რაც შეეხება ინტერნეტს, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ IT სფეროში. აზერბაიჯანის მოსახლეობის 80%-ს დღეს ინტერნეტის მომხმარებელია. ჩვენ გვყავს ძალიან კარგად განვითარებული კერძო კომპანიები რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ. მაგალითად, კომპანია Neqsol-ი კერძო კომპანიაა, მას საკუთარი დღის წესრიგი აქვს და რეგიონში ახორციელებს ინვესტიციებს. კომპანიის მიზანი კომერციულად მომგებიანი პროექტის განხორციელებაა. აზერბაიჯანი გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორია”, - განაცხადა ალიევმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

თბილისში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე  ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ის პროექტი იყო, რომლის ირგვლივაც უკვე სამი წელია დავა მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია შავი ზღვის ფსკერზე კიდევ ერთი კაბელის გაყვანაზე, რომელმაც საქართველო ევროპას უნდა დაუკავშიროს როგორც ენერგეტიკული, ასევე ინტერნეტის კუთხით. შეხვედრაზე ილჰამ ალიევს ინტერნეტი არ უხსენებია, თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს საქართველოს გავლით ელექტროენერგია ევროპას მიაწოდოს. მზაობა ევროპის ქვეყნების მხრიდანაც არის და ახლა ყველა მხარე - საქართველოც, აზერბაიჯანიც და ევროპის ქვეყნებიც "მსოფლიო ბანკის" კვლევის დასრულებას ელიან, რომელმაც უნდა გამოავლინოს თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება შავი ზღვის ფსკერზე კიდევ ერთი კაბელის გაყვანა და ასევე ისიც, რამდენად მიზანშეწონილია ამ კაბელზე ინტერნეტ კაბელის მიბმაც.

აზერბაიჯანულ Neqsol-ს და საქართველოს შორის საარბიტრაჟო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ "კავკასუსი" მარეგულირებლის ნებართვის გარეშე შეიძინა, - ასეთია თავად მარეგულირებლის, კომუნიკაციების კომისიის განმარტება. Neqsol Holding-ი ღიად ამბობს, რომ სურს იყოს მთავარი ცენტრი ევროპის და აზიის დაკავშირების კუთხით, თუმცა იმავეს ამბობს ქართული მხარეც. კომუნიკაციების კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს მზაობა ეს ფუნქცია თავად შეასრულოს და ამ მიზანს ემსახურება სამომავლო პროექტიც - კერძოდ შავი ზღვის ფსკერზე კიდევ ერთი კაბელის გაჩენის კუთხით.