LIVE

"საქართველოს კაპიტალის" შვილობილმა კომპანიამ პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

13 ოქტ 202215:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
"საქართველოს კაპიტალის" შვილობილმა კომპანიამ პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

„საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“, რომელიც „საქართველოს კაპიტალთან“ აფილირებული კომპანიაა, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული აქტივების მართვის ნაწილში, ქვეყნისთვის პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა $80 მილიონის მოცულობით და 5-წლიანი ვადიანობით, სარგებელი 7%-ია. 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) კი სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა ამ ობლიგაციების ნაწილის შესყიდვით. IFC-ის ინვესტიცია $20 მილიონია.

ამ დროისთვის, ეს საქართველოსთვის ადგილობრივ ბაზარზე გათვლილ კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი განთავსებაა და ისინი საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში უნდა განთავსდეს. 

"ობლიგაციების განთავსებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან,"- განაცხადა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ გორდეზიანმა.

IFC თვლის, რომ მის სტრატეგიულ როლს ამ ობლიგაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებას.

"არის ვარაუდი, რომ ეს პროექტი ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 170,000 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას ააცილებს თავიდან, რაც დაახლოებით 33,000 ავტომობილიდან გამოფრქვეული სათბურის გაზის ეკვივალენტურია,"- აცხადებენ IFC-ში. 

კერძო სექტორის მხრიდან განახლებადი ენერგიის გენერაციის და ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 30%-ის დაკმაყოფილება ქვეყანას იმპორტით და გაზზე მოუშავე თბოელექტროსადგურების მეშვეობით უწევს იმ ფონზე, როცა მოხმარება წლიდან წლამდე მზარდია.  

კორპორაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების და ფინანსებზე წვდომის შეფერხების ფონზე, კაპიტალის ადგილობრივ ბაზრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ინვესტორების მობილიზაციას თუ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, IFC ელის, რომ პროექტი ხელს შეუწყობს „მწვანე“ ობლიგაციების და მდგრადი დაფინანსების სხვა ინსტრუმენტების შემდგომ ემისიას. ასევე, წაახალისებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რაც რეგიონში ომით გამოწვეული ცვლილებების და გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას გააუმჯობესებს. 

„IFC-ის მხრიდან საქართველოში პირველი „მწვანე“ ობლიგაციების ემისიის სტრატეგიული დაფინანსება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, გვჯერა, რომ IFC-ის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევას,“ აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

პროექტი ასევე მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, და ქვეყნის მიერ რეგიონული ენერგოჰაბის როლის შესრულებას ისახავს მიზნად.

IFC ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებებს აფინანსებს და „მწვანე“ ობლიგაციების ერთ-ერთი პირველი ემიტენტია. IFC-მ „მწვანე“ ობლიგაციების პროგრამა 2010 წელს დაიწყო ბაზრის განვითარების დასაჩქარებლად, კერძო სექტორის განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, IFC-ის გამოშვებული აქვს $10,5 მილიარდის ღირებულების 178 სახეობის ობლიგაცია 20 ვალუტაში.