LIVE

ბანგკოკი საცობების აღმოსაფხვრელად მძღოლებისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს

01 ოქტ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
ბანგკოკი საცობების აღმოსაფხვრელად მძღოლებისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს

ტაილანდის ხელისუფლება დედაქალაქ ბანგკოკში საგზაო გადასახადის დაწესებას განიხილავს, რათა განტვირთოს საცობები და შეამციროს ჰაერის დაბინძურება. ეს ბანგკოკს მეორე დიდ აზიურ ქალაქად აქცევს, რომელიც მსგავს პოლიტიკას ახორციელებს.

ბანგკოკში საგზაო გადასახადის დაწესების მიზანშეწონილობის საკითხი ტაილანდის სატრანსპორტო კომპანიისა და გერმანული განვითარების სააგენტოს ერთობლივ ხუთწლიან კვლევაშია განხილული. ქალაქის ზონების მიხედვით 50-დან 120 ტაილანდურ ბატამდე გადასახადის დაწესება განიხილება, რაც 1.3−3.15 დოლარის ეკვივალენტია.

სანავიგაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, TomTom NV-ის ინდექსში, რომელიც გზებზე გადატვირთული მოძრაობის ხარისხს ზომავს, ტაილანდის დედაქალაქმა 2019 წელს მე-11 ადგილი დაიკავა. ანგარიშის თანახმად, 10 მილიონიანი ქალაქის მოსახლეობამ იმ წელს პიკის საათში 8 დღე და 14 საათი დაკარგა. ბანგკოკი ინდექსის სათავიდან მალევე ჩამოვარდა Covid პანდემიის გამო, როდესაც ხალხი იძულებული გახდა სახლში დარჩენილიყო, თუმცა ბოლო პერიოდში, მოსახლეობა სულ უფრო მეტად ჩივის, რომ სიტუაცია უბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს.

კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა სცენარის განვითარების შესაძლო გავლენა მთლიან შემოსავალზე, ნახშირორჟანგის გამოყოფასა და დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებზე.

„თუ საგზაო გადასახადი შემუშავდება, ეს საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში დაგვეხმარება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხალხს შეეძლება უფრო სწრაფად მგზავრობა და მეტი ადამიანი გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“,- განაცხადა პუნია ჩუპანიტმა, ტაილანდის ტრანსპორტის, საგზაო პოლიტიკისა და დაგეგმვის ოფისის გენერალურმა დირექტორმა.

ბანგკოკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს ავტობუსების, მეტროს, დაკიდებული მატარებლებისა და სარკინიგზო მაგისტრალების ქსელს. ამის მიუხედავად ქალაქის ცენტრალური ტერიტორიების გარეთ მცხოვრებთა უმეტესობას შეზღუდული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო კერძო მანქანების გამოყენება უწევს, რაც თავის მხრივ საცობების წარმოქმნის მთავარი მიზეზია.

დედაქალაქისთვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემაა დაბინძურებული ჰაერი. ტაილანდი ცდილობს შეამციროს სათბურის გაზების გამოყოფა. სწორედ ამიტომ ის ხელს უწყობს ელექტრო მანქანების გამოყენებას, რათა 2050 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტს, ხოლო 2065 წლისთვის ნულოვან ემისიას მიაღწიოს.

სინგაპური, სტოკჰოლმი და ლონდონი იმ დიდ ქალაქებს შორისაა, რომლებიც საგზაო გადასახადს უკვე კრებენ. ხოლო ოქსფორდმა წელს დაიწყო გადასახადების დაწესება ცენტრში მოძრავი არაელექტრო მანქანებისთვის.

ამავდროულად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახური განიხილავს საგზაო გადასახადის გეგმის შემუშავებას, რომელიც მძღოლებს მანჰეტენის ცენტრალურ ბიზნეს უბანში შესვლისთვის 23 დოლარიან გადასახადს დააკისრებს. ამით ნიუ-იორკი პოტენციურად გახდება აშშ-ს პირველი ქალაქი, რომელიც ახორციელებს ასეთ პოლიტიკას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პაპიჩა ტანაკასემპიპატი