LIVE

9 ფაქტი, რაც სიმსუქნის შესახებ უნდა ვიცოდეთ

13 თებ 202118:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2439
9 ფაქტი, რაც სიმსუქნის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სიმსუქნემ ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია. ჭარბი წონის ან სიმსუქნისგან გამოწვეული მიზეზით ყოველწლიურად მსოფლიოში სულ მცირე 2.8 მილიონი ადამიანი იღუპება. ერთ დროს სიმსუქნე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების პრობლემად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც საკმაოდ გავრცელებულია.

WHO ჭარბ წონასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებს გვთავაზობს. 

1. ჭარბი წონა და სიმსუქნე განისაზღვრება, როგორც "პათოლოგიური ან ზედმეტად დაგროვილი ცხიმი, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა შეარყიოს".

ზოგი მიიჩნევს, რომ ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს, მაგრამ ამას სპეციალური გამოთვლის გარეშე ვერ დაადგენთ. ჭარბი წონის დადგენა ხდება სხეულის მასის ინდექსის გამოთვლის მეშვეობით. სხეულის მასის ინდექსი (BMI) შემდეგი ფორმით ითვლება: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში. 

თუ BMI 25-ის ტოლი ან მეტია, ადამიანი ჭარბწონიანიანად მიიჩნევა. თუ BMI 30 ან მეტია, საქმე სიმსუქნესთან გვაქვს. თავის მხრივ, სიმსუქნე რამდენიმე ხარისხად იყოფა.

2. 2016 წელს მსოფლიოში 1,9 მილიარდზე მეტი ჭარბწონიანი მოზრდილი იყო, ხოლო 650 მილიონს სიმსუქნე აწუხებდა. 

1975-დან 2016 წლამდე ჭარბი წონის გავრცელება თითქმის გასამმაგდა.

3. 2019 წელს  მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვებიდან ჭარბი წონა ან სიმსუქნე 38 მილიონ ბავშვთან გვხვდებოდა. 

ბავშვთა სიმსუქნე 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჭარბი წონის მქონე ბავშვები, სავარაუდოდ, ჭარბწონიან მოზრდილებად ჩამოყალიბდებიან. ასეთ ბავშვებში მეტია რისკი, რომ ახალგაზრდა ასაკში განუვითარდეთ შაქრიანი დიაბეტი ან გულსისხლძარღვთა დაავადებები, რაც შესაძლოა, ნაადრევი გარდაცვალებით დასრულდეს.

4. ჭარბწონიანობა და სიმსუქნე უფრო ხშირად არის დაკავშირებული გარდაცვალებასთან, ვიდრე ნორმაზე ნაკლები წონა. 

დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ხალხი უფრო მეტია, ვიდრე ხალხი, ვინც ნორმაზე ნაკლებს იწონის. ეს ეხება ყველანაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანას. ჭარბი წონა შესაძლოა დიაბეტის, გულის იშემიური დაავადების და გარკვეული სიმსივნეების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

5. ჩვეულებრივ სიმსუქნე მიღებული და დახარჯული კალორიების დისბალანსის შედეგია.

შესაბამისი ფიზიკური აქტივობის გარეშე, მაღალკალორიული საკვების მოხმარების გაზრდა წონის არაჯანსაღ მომატებას იწვევს.

6. გარშემომყოფი უფროსების კვების და ფიზიკური აქტივობის სტილი გავლენას ახდენს ბავშვებზე.

სოციალური და ეკონომიკური განვითარება ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს, განათლების, საკვების გადამუშავების, განაწილებისა და მარკეტინგის სფეროებში არსებული პოლიტიკა გავლენას ახდენს ბავშვების დიეტური ჩვევების ჩამოყალიბებაზე და განსაზღვრავს მათი ფიზიკური დატვირთვის ხარისხს. გარემო სულ უფრო მეტად უბიძგებს ბავშვებში არაჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც სტაბილურად ზრდის ბავშვებში სიმსუქნეს.

7. ჯანსაღ კვებას შეუძლია აგვარიდოს სიმსუქნე. 

სიმსუქნის პრევენციისთვის რეკომენდებულია გაჯერებული ცხიმების ჯანსაღი ცხიმებით ჩანაცვლება, მარილის და შაქრის შეზღუდვა და ხილ-ბოსტნეულის, ასევე, მთელი მარცვლეულისა და ნიგვზეულის მიღება.

8. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ჯანმრთელი სხეულის შენარჩუნებას.

ადამიანები ადეკვატური ფიზიკური აქტივობით მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იყვნენ დაკავებულები. კვირაში მინიმუმ 150-წუთიანი რეგულარული, საშუალო სიმძიმის ფიზიკური დატვირთვა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს რისკს. კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიში აუმჯობესებს მობილობას ხანდაზმულ ასაკში.

9. მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიასთან ბრძოლა მოსახლეობაზე მორგებულ  მულტისექტორულ, მრავალდისციპლინარულ და კულტურულად შესაბამის მიდგომას მოითხოვს.

მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი სიმსუქნის პრევენციაში უდიდესს როლს ასრულებს.