LIVE

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა $44 მილიარდის რუსული ენერგია იყიდა

28 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 749
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა $44 მილიარდის რუსული ენერგია იყიდა

გასულ თვეს, ჩინეთის მიერ რუსულ ენერგო პროდუქტებზე დახარჯული თანხა რეკორდულად გაიზარდა და $8.3 მილიარდი შეადგინა, რაც ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მთავარი იმპორტიორის მოსკოვზე ენერგო დამოკიდებულება მზარდია.

ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, აგვისტოში რუსული ტვირთის მოცულობა 68%-ით გაიზარდა, რაც ნახშირის რეკორდულ რაოდენობასაც მოიცავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთის მიერ რუსულ რესურსებზე დახარჯული მთლიანი თანხა კი 74%-ითაა გაზრდილი და თითქმის $44 მილიარდს აღწევს.

ომის შედეგად ენერგიის ფასების გლობალური ზრდა ჩინეთის იმპორტის ღირებულების ზრდაზეც აისახა. ამასთან, ჩინეთი სტრატეგიული მოკავშირისგან ენერგიის ბევრად მეტ მოცულობას იღებს, რაც ფასდაკლებით ნაყიდ რესურსსაც მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობას "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა აქვს, რაც ეკონომიკის შენელებას და ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს, ჩინეთის მიერ ენერგო რესურსების იმპორტზე გაწეული ხარჯები მაინც მზარდია.

გასულ თვეში რუსული ნავთობის ექსპორტი ჩინეთში 8,34 მილიონ ტონამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი მომდევნო თვეებში მეტ ნედლ ნავთობსა და ენერგო პროდუქტს გაგზავნის თავის პარტნიორებთან, მათ შორის ჩინეთშიც, რადგან უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთს ექსპორტისთვის პარტნიორის მოძიება ესაჭიროება.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ჩინეთში რუსული ნახშირის იმპორტმა ახალ მაქსიმუმს - 8,5 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 57%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ფოლადის მრეწველობისთვის კოქსის ნახშირმა ჯამში 1,9 მილიონი ტონა შეადგინა. თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები 671 000 ტონამდე გაიზარდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით, 37%-ითაა გაზრდილი. მოცულობები არ მოიცავს მილსადენებით იმპორტს, რომელიც წლის დასაწყისიდან საბაჟოზე არ ფიქსირდება, მაგრამ საწვავის რუსეთიდან ჩინეთში ტრანსპორტირების მთავარ არხს წარმოადგენს.

აგვისტოში, ჩინეთში რუსეთიდან მთლიანი იმპორტის 83% სწორედ ენერგორესურსებზე მოდის.

 რაც შეეხება რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებულ სხვა საქონელს:

• გადამუშავებული სპილენძის იმპორტი 25%-ით გაიზარდა და 33,140 ტონა შეადგინა;

• გადამუშავებული ნიკელის იმპორტი გაიზარდა 245%-ით და 5133 ტონას მიაღწია;

• გადამუშავებული ალუმინის იმპორტი გაიზარდა 63%-ით და 41,978 ტონა შეადგინა;

• პალადიუმის იმპორტი 447%-ით გაიზარდა და 861 კილოგრამი შეადგინა;

• ოქროს იმპორტი წინა თვის მონაცემებთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა და 263,5 კგ-მდე დაეცა;

• ხორბლის იმპორტი 31%-ით შემცირდა და 1968 ტონა შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიენ ტენი