LIVE

თამაშების შემქმნელებს კრიპტო სპეკულაცია აღარ იზიდავთ

18 სექ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
თამაშების შემქმნელებს კრიპტო სპეკულაცია აღარ იზიდავთ
Gabby Jones/Bloomberg
2021 წლის ბოლოს, როცა კრიპტოვალუტების ფასებმა ახალი რეკორდი მოხსნა, თამაშების შემქმნელ არაერთ კომპანიას გაუჩნდა იდეა, NFT მიმართულებაში დაეწყო პოზიციონირება. რამდენიმე თვის შემდეგ, დაღმავალმა ფასებმა და მოთამაშეების, თუ საკუთარი დასაქმებულების მხრიდან წამოსულმა კრიტიკამ ეს ენთუზიაზმი ჩაახშო.
 
NFT-ზე დაფუძნებული თამაშების შემქმნელები ფიქრობდნენ, რომ მოთამაშეები კრიპტოვალუტებით თამაშში ჩაშენებულ ნივთებს შეისყიდდნენ, თავად კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებოდათ, მაგრამ რეალობა არც ასეთი მარტივი აღმოჩნდა.
 
სპეკულაციური აქტივები, როგორიცაა NFT ან თამაშში ჩაშენებული კრიპტოვალუტები ფუნდამენტურად ცვლიან თამაშის დინამიკას და ამ თამაშით დაინტერესებულთა მოლოდინებს. ეს ვირტუალური ნივთები - იქნება ეს მისტიური ხმალი, თუ რობოტის კოსტიუმი - სინამდვილეში, რეალური სამყაროს ფინანსური აქტივია და მოიცავს გარკვეულ სპეკულაციურ რისკებს, რასაც ორმხრივი პოტენციალი აქვს - დამატებითი შემოსავლის გენერირების, ან წაგებაში წასვლის. თამაშში მათი არსებობა შემქმნელსაც და მოთამაშესაც ინვესტორებად აქცევს.
 
Mojang, Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი დეველოპერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალგაყიდვადი ვიდეო თამაშების უკან დგას (მათ შორის Minecraft-ის), ამბობს, რომ NFT-ები ქმნიან "სიმწირეს და გამოყოფას.” 
 
“NFT არ მოიცავს მთელს ჩვენს საზოგადოებას და ყოფს მათ "მქონეებად" და "არ მქონეებად". სპეკულაციურ განფასებას და ინვესტირების მენტალობას, რაც თან ახლავს NFT-ს, ფოკუსი თამაშიდან შემოსავლის გენერირებაზე გადააქვს, რაც ჩვენი აზრით შეუსაბამოა, როცა ვსაუბრობთ ჩვენი მოთამაშეების სიამოვნებაზე და წარმატებაზე,"- განაცხადა კომპანიამ საკუთარ ბლოგპოსტში.
 
თავად კრიპტოთამაშების სამყაროში ეს "ინვესტირების მენტალობა" კიდევ უფრო თვალსაჩინოა. მაგალითად, ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაში Axie Infinity მოთამაშეებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ შიდა ტოკენები, რომელსაც Smooth Love Potion ეწოდება. ამ ტოკენებით ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტო ბირჟებზეც და შესაძლებელია მათი კონვერტაცია აშშ დოლარზეც. 
 
ამ თამაშში გამომუშავების დაწყება ყველას არ შეუძლია. იმისთვის, რომ "ითამაშონ, რათა გამოიმუშაონ", მოთამაშეებმა ჯერ სამი NFT "მონსტრი" უნდა მოიპოვონ. გასული წლის ივლისში, პიკურ მაჩვენებელზე, ეს ვირტუალური NFT მონსტრები მოთამაშეს დაახლოებით $1,400, ანუ თითო $446 უჯდებოდა. პოტენციური შემოსავალი კი დაახლოებით $700 იყო ორკვირიან ინტერვალში. 
 
ამასთან, კლასიკური ტაქტიკა, როგორიცაა მაგალითად გილდიები, რომლებსაც გუნდები ტრადიციულ თამაშებში იყენებენ, Axie-ს ტიპის თამაშებშიც დამკვიდრდა. ე.წ. დამწყებების თამაშის ხარჯების გაღების სანაცვლოდ, გილდიის მენეჯერები გუნდების კრიპტო შემოსავლების ნაწილს იღებენ განუსაზღვრელი ვადით და ხშირად მათი წილი 90%-საც აღწევს.
 
Axie-ს NFT მონსტრების ფასი მკვეთრად გაიზარდა, როცა მას მოთამაშეები მიაწყდნენ, მაგრამ მოგვიანებით მოთხოვნამ იკლო. მარტში კი ჰაკერებმა Axie-დან $600 მილიონი გაიტანეს, რამაც საბოლოოდ, მოთამაშეებს, რომლებმაც ეს თამაში თავიდან შემოსავლის მიღების მიზნით დაიწყეს, აპლიკაციიდან საკუთარი თანხის გატანის საშუალებაც არ მისცა. ამ ყველაფრის პასუხად, "ითამაშე, რათა გამოიმუშაო" მოდელმა რებრენდინგი განიცადა და "ითამაშე და გამოიმუშავე" გახდა, რითაც ფოკუსი თამაშით მოგვრილ მხიარულებაზე გადაიტანა, ნაცვლად ფინანსური სარგებლისა.
 
ნდობის თამაში
 
თამაშების შემქმნელებისთვის, მოდელის მიმართ კრიტიკა იმ აღქმას უკავშირდება, რომ ეს თამაშები ცუდი გამოცდილებაა მოთამაშეებისთვის. თემატური დისკუსიები Reddit-ზე და Discord-ზე წალეკილია დეველოპერთა პრეტენზიებით, რომ ბლოკჩეინ თამაშები ნაკლებად ზრუნავენ ხარისხზე ან იმაზე, რომ თამაში სიამოვნების მომტანი იყოს, სანაცვლოდ კი ფოკუსირდებიან იმაზე, რომ მათმა ფინანსურმა მხარემ გამოიწვიოს აჟიოტაჟი.
 
ეს ფოკუსი თამაშის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე მოთამაშეების ნდობაში ბზარს აჩენს. თავად თამაშების შემქმნელებიც აცნობიერებენ პოტენციურ რეპუტაციულ რისკებს, რომელიც შესაძლოა დადგეს თუკი გააგრძელებენ კრიპტო სამყაროში ოპერირებას ცხადი ფოკუსის გარეშე, ამბობს ქეთრინ ფლიკი, დე მონტფორტის უნივერსიტეტის ბრიტანელი მკვლევარი, რომელიც NFT სამყაროს ეთიკის საკითხებს იკვლევს. 
 
მარკ ვენტურელი, თავადაც თამაშების დეველოპერი, რომლის კრიტიკა ამ ტიპის თამაშების მიმართ დაინტერესებულ წრეებში ვირუსული გახდა, მიიჩნევს, რომ პროგრამისტებს არ მოსწონთ ფოკუსირება NFT-ზე, რადგან ისინი ვიდეო თამაშების მოყვარულები არიან და სხვებთან შედარებით უკეთ ერკვევიან ტექნოლოგიებში. 
 
"თუ ამ ორ საკითხს გავაერთიანებთ, ცხადი ხდება, თუ რატომ ვერ ამართლებენ ეს სუსტი ტექნოლოგიები, რომლებიც არანაირ ღირებულებას არ ქმნიან მიღმა "სწრაფად გამდიდრდი" სქემისა,"- განუცხადა მან Bloomberg-ს.  
 
გარდა ამისა, რთულია შეეჯიბრო კონკურენტებს ბლოკჩეინ სექტორში როცა შენი თამაში, როგორც მინიმუმ, სიამოვნების მომტანი არ არის, ამბობს კრიპტო გეიმინგ სტარტაპის Atmos-ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ ბიურგრადი.
 
"თუ ადამიანებს უბრალოდ ეკონომიკური სიმულატორის თამაში ენდომებათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ კონკურენციის გარღვევას,"- განაცხადა მან Bloomberg-ის კრიპტო სამიტზე ივლისში.
 
იმ მიზნით, რომ ახალი ტალანტები და მოთამაშეები მოეზიდა, Sky Mavis-მა, რომელმაც Axie შექმნა, თამაშის ინტელექტუალური საკუთრება ხელმისაწვდომი გახადა იმ დეველოპერებისთვის, ვისაც  საკუთარი თამაშის დაშენების სურვილი ექნებოდათ უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაზე. გუნდები, რომლებიც ამ პროგრამაში ჩართვას მოინდომებენ, იღებენ კრიპტო ტოკენებში დენომინირებულ თანხას გრანტის სახით და ყველა სხვა გადახდაც მოთამაშეების მხრიდან ამავე ქოინებში უნდა მოხდეს. Axie-ს სისტემაზე დაშენებული თამაშის შემოსავლის ნაწილი მისსავე ხაზინაში უნდა წავიდეს რათა ეკოსისტემის ეკონომიკას დაუჭიროს მხარი. მოკლედ, Axie-ზე დაშენებული თამაშის ფინანსური წარმატებაც და მისი დეველოპერების სიცოცხლისუნარიანობაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი შედეგი აქვს თავად კრიპტო ქოინს. 
 
ერთ-ერთი ძირითად მიმართულებად NFT დეველოპმენტში სამომავლოდ ინტეროპერატიულობა განიხილებოდა, რომელიც ერთ თამაშში შეძენილი ვირტუალური ნივთის მეორე თამაშში გამოყენების საშუალებას მისცემდა მოთამაშეებს. ამ შემთხვევაში, მოთამაშეები არამხოლოდ მხოლოდ პოტენციურ შემოსავალზე გავიდოდნენ თამაშში მოპოვებული ნივთების მოგვიანებით გაყიდვით, არამედ სურვილის შემთხვევაში, თან წაიღებდნენ მისტიურ ხმლებს თუ რობოტის კოსტიუმებს სხვა ვირტუალურ თამაშებში გამოსაყენებლად.
 
მართალია, ზოგიერთი მსხვილი ბლოკჩეინ პროექტი - მაგალითად, Alien Worlds, Decentraland და The Sandbox ცდილობენ საკუთარი პლატფორმების ჰარმონიზაციას, თუმცა კრიპტო თამაშების უმეტესობა ინტეროპერატიულობის მიზანს ვერ აღწევს იმის გამო, რომ თამაშების ინჟინერია და მხატვრული მხარე ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის. ამას ემატება ისიც, რომ თამაშები ხშირად ერთმანეთის კონკურენტ ბლოკჩეინებზეა დაფუძნებული, რაც ჰარმონიზაციას ართულებს.
 
NFT სფეროს წარმატებით ათვისება არც ვიდეო თამაშების ტრადიციულ სტუდიებს გამოსდით. ფრანგულმა Ubisoft-მა გააჩერა თამაშში ჩაშენებული NFT მარკეტფლეისის ექსპერიმენტი სახელად Quartz თანამშრომლების და მოთამაშეების უკმაყოფილების შემდეგ. როცა Quartz დაიხურა, მოთამაშეები, რომლებმაც მასთან დაკავშირებული NFT შეისყიდეს გამოუსადეგარი ტოკენების ამარა დარჩნენ, რადგან მათი რეალიზაცია მეორად ბაზარზე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტუდია კვლევის და განვითარების ფაზაშია ციფრული აქტივების დანერგვის თვალსაზრისით და განიხილავს, თუ რა ღირებულება შეიძლება შესძინოს მის საქმიანობას ვებ3 ინსტრუმენტების დანერგვამ სამომავლოდ. 
 
მისმა კონკურენტმა, Square Enix-მა გასულ თვეში ბლოკბასტერი თამაშის Final Fantasy-ს NFT კოლექცია შექმნა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ აგრესიულ ინვესტირებას დაიწყებდა ამ სფეროში. სხვები ძირითადად ცდილობენ მესამე მხარეებთან პარტნიორობის გზით აუთსორსინგს მიმართონ. 
 
ამასობაში, Take-Two Interactive Software-მა, ნიუ-იორკში ბაზირებულმა კომპანიამ, რომელმაც საკმაოდ პოპულარული თამაში, Grand Theft Auto შექმნა, მობილური დეველოპერი Zynga შეისყიდა იანვარში $12.7 მილიარდად იმ მიზეზით, რომ ეს კომპანია ბლოკჩეინის მიმართულებით ძლიერი იყო. თუმცა, ამის შემდეგ, Take-Two-ს კრიპტო სამყაროში საკუთარი ამბიციების შესახებ აღარ უსაუბრია. 
 
თამაშების ინდუსტრიას არაერთი სკანდალი და ცუდი პრესა აქვს გამოვლილი ხანმოკლე პერიოდში, დაწყებული თამაშებში ძალადობასთან დაკავშირებული პანიკიდან, დამთავრებული მარეგულირებლების შფოთვით ვირტუალურ შესყიდვებთან მიმართებაში, რაც ბავშვების აზარტულ თამაშებში ჩართვის საფრთხედ განიხილება. 
 
“ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ ეკონომიკა, რომელიც სპეკულაციურ აქტივობას გაზრდის,"- განაცხადა Take-Two-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტრაუს ზელნიკმა.  "ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ სპეკულაცია გავასაღოთ როგორც გართობა, თუნდაც ამით ფულის შოვნა შეგვეძლოს,"- დასძინა მან. 
 
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ნიკოლი