LIVE

სერუმის ინსტიტუტმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველი ინდური ვაქცინას შექმნა

01 სექ 202220:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
სერუმის ინსტიტუტმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველი ინდური ვაქცინას შექმნა

ინდოეთის სერუმის ინსტიტუტმა (SII), მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესმა მწარმოებელმა, საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველი ინდური ვაქცინა შეიმუშავა. კომპანიისა და ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ვაქცინა ბაზარზე მალე გამოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში კიბოს მეოთხე, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. 2020 წელს დაავადების დაახლოებით 604,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342,000 ქალის გარდაცვალების მიზეზი გახდა. იმ წელს მსოფლიოში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის დაახლოებით 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების სულ მცირე 70%-ს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ორი გენოტიპი: 16 და 18 იწვევს. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ინდური ვაქცინა ეფექტურია ვირუსის 16 და 18, ასევე 6 და 11 გენოტიპების პროფილაქტიკისთვის.

გლობალურად პაპილომავირუსის ვაქცინის მთავარი მწარმოებლები Merck & Co და GSK Plc არიან.

II-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადარ პუნავალას თქმით, ადგილობრივი წარმოებით, პაპილომავირუსის ვაქცინების მხრივ, ინდოეთი გახდება თვითკმარი, რაც ამ დაავადებით ქალების გარდაცვალების შეჩერებაში დაეხმარება. 

მისივე თქმით, ვაქცინის გაყიდვა რამდენიმე თვეში დაიწყება. ის ჯერ ინდოეთის ბაზრისთვის გახდება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი სხვა ქვეყნებისთვის გაიყიდება. მისი ფასი შეიძლება $2,51-$5,03 იყოს. კომპანიას სურს, რომ ორ წელიწადში წარმოება დაახლოებით 200 მილიონ დოზამდე გაზარდოს. 

ინიექციის სახით 9-14 წლის ასაკში გოგონებს ვაქცინის ორი დოზა უკეთდებათ, 15-26 წლის ასაკის ჯგუფისთვის კი სამი დოზაა განკუთვნილი.