LIVE

რუსული მედია - Crocs-მა რუსეთში საქმიანობა განაახლა

30 აგვ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
რუსული მედია - Crocs-მა რუსეთში საქმიანობა განაახლა

ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი Crocs-ი რუსულ ბაზარზე დაბრუნდა. რუსული გამოცემა Kommersant-ის თანახმად, ახალი მფლობელის პირობებში, რამდენიმე მაღაზიამ მუშაობა უკვე განაახლა.

Kommersant-ის მიხედვით, Crocs-ის ბრენდის მაღაზიების ახალი ოპერატორი Claire-ია, რომელმაც მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ Afimall-ის ობიექტის მართვა აიღო.

რუსეთის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, Claire მოსკოვში 2022 წლის მაისში დაარსდა, ხოლო მთავარი მფლობელი 85%-იანი წილით ერიკ პეტია, რომელიც 2008-2014 წლებში Crox CIA-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. Claire-ის 15% ევგენი ტრეგუბენკოს, RT-Group-ის თანამფლობელს ეკუთვნის.

Crocs-ს საკუთარ ვებ-გვერდზე რუსეთში საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ამერიკულმა ბრენდმა რუსეთის ბაზარი 9 მარტს, უკრაინაში ომის გამო დატოვა და ელექტრონული კომერცია, საცალო ვაჭრობა და პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. 

9 მარტის განცხადების თანახმად, კომპანია “განადგურებულია უკრაინის ტრაგიკული ომით და სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც დაზარალდა” ჰუმანიტარული კრიზისით. 

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეზღუდა საქმიანობა რუსეთში ან დატოვა ქვეყანა, თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მოდიდან ფინანსებამდე.