LIVE

რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ნატო ევროპის სუსტი წერტილებიდან უპირისპირდება

03 სექ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ნატო ევროპის სუსტი წერტილებიდან უპირისპირდება
Andrei Pungovschi/Bloomberg

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ფრანგმა პოლკოვნიკმა კლემენტ ტორენტიმ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე ექვს თვეში 1000 ჯარისკაცისთვის ბაზის აშენების ბრძანება მიიღო. 

ის ახლა დაახლოებით 200 ფრანგ, ბელგიელ და ნიდერლანდელ ჯარისკაცთან ერთად ტრანსილვანიაში, ბორცვის გასწორებით არის დაკავებული.

"პირველ ყინვამდე უნდა მოვასწროთ. ეს სოლიდარობის ნიშანია", - ამბობს ტორენტი, საინჟინრო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაზიდან, რომელიც ჩინკუსთან ახლოს, ბუქარესტიდან დაახლოებით 260 კილომეტრში მდებარეობს. 

შავი ზღვა, რომელიც ევროპას აზიისგან გამოყოფს, რუსეთს, უკრაინას, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და საქართველოს ესაზღვრება. უკრაინისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა. ის თურქეთის გავლით, ბოსფორის სრუტის მეშვეობით, ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება. 

როდესაც დასავლური ძალები ვლადიმერ პუტინისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ იბრძვიან, მეზობელ ქვეყანასთან რუსეთის ომმა უპასუხა ფუნდამენტურ კითხვას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოები წლების განმავლობაში სვამდნენ: იბრძოლებენ თუ არა უფროსი წევრები, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი და გერმანია ნაკლებად მდიდარი ყოფილი კომუნისტური მოკავშირეებისთვის თუ მათ თავს დაესხნენ.

გაჩნდა სხვა კითხვებიც, მათ შორის, აკეთებს თუ არა ალიანსი საკმარისს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ექსპანსიონიზმი და მიტოვებული შავი ზღვის რეგიონის გაძლიერების მცდელობა უნდა დაწყებულიყო თუ არა უფრო ადრე.

პუტინის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ, ნატო მტკიცედ არის ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეაჩეროს რუსეთი და როგორ დაეხმაროს კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონს, არ გახდეს დაუცველი. 

კომპანია RANE-ის ევრაზიის ანალიტიკოსის, მეთიუ ორის თქმით, მოსკოვი პრიორიტეტს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ანიჭებს. 

"იქ მისი ძალების განვითარება გვიჩვენებს, თუ რამდენად აღელვებთ რუსებს ეს რეგიონი, რამდენად უნდათ იქ ჰქონდეთ ძლიერი სამხედრო კვალი - რაზეც ნატომ უნდა უპასუხოს", - ამბობს ანალიტიკოსი.  

წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე ძლიერდებოდა, რაც მოსკოვი 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა. მას შემდეგ 2014 წელს პუტინმა წამოიწყო ომი დონბასის რეგიონში და ყირიმის ანექსია მოახდინა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ნატომ აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა გააძლიერა. 

ამ დროის განმავლობაში, კრემლმა გააძლიერა სამხედრო შესაძლებლობები შავ ზღვაში, გადააადგილა სახმელეთო ძალები, გააძლიერა საჰაერო თავდაცვა და განაახლა საზღვაო ფლოტი, რამდენადაც გააქტიურდა საომარ ზონებში, მათ შორის ლიბიასა და სირიაში, სადაც მას საზღვაო ბაზა აქვს.

"შავი ზღვა თბილ წყლებში, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელად რუსეთის კარიბჭეა. ეს არის კარიბჭე, რითაც რუსეთი აფართოებს ძალაუფლებას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და მის ფარგლებს გარეთ", - ამბობს ვაშინგტონში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის შავი ზღვის პროგრამის დირექტორი იულია ჯოჯა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფი სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და რუმინეთში გაიგზავნებოდა. ეს ემატება ოთხ საბრძოლო ჯგუფს, რომელიც ალიანსმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რვა წლის განმავლობაში ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ე.წ. მავთულხლართის თავდაცვის მიდგომის ფარგლებში დააარსა. 

რუმინეთში, რომელიც უკრაინასთან თითქმის 640 კილომეტრიან საზღვარს იზიარებს, ომამდე ნატოს 1000 (ძირითადად ამერიკელი) სამხედრო უკვე იმყოფებოდა. რუმინეთის მიხაილ კოგელნიჩანუს საავიაციო ბაზა კი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონებისთვის სატრანზიტო პუნქტად გამოიყენება. 

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს აღმოსავლეთ საზღვრებზე ალიანსის წარმომადგენლობა, განათავსეს მეტი ჯარისკაცი, თვითმფრინავი და ხომალდი. ამჟამინდელი გეგმა გულისხმობს გარნიზონების შექმნას ნატოს დარჩენილ საზღვრისპირა ქვეყნებში, სადაც რეგულარულად იქნება 1000 ჯარისკაცისგან შემდგარი შენაერთი. გარდა ამისა, მოკავშირეები საკუთარ ქვეყნებში თავს მოუყრიან შენაერთებს, რომლებიც ადგილზე არსებულ ძალებს, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად შეუერთდებიან. 

სწორედ ამ მიდგომას უჭერენ მხარს ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი წლების განმავლობაში. რუსეთი ამას რეაგირებით ემუქრება, თუმცა კონკრეტული ქმედებისთვის ჯერ არ მიუმართავს.  

რუმინეთში საფრანგეთის წარმომადგენელი პოლკოვნიკი ფლავიენ გარიგუ გრანშემფი ამბობს, რომ მასპინძელი ქვეყნის სამხედროებთან კავშირების შექმნით და იარაღის, საბრძოლო მასალისა და მძიმე ტექნიკის წინასწარ მომზადებით, ეს ძალები შეიძლება რამდენიმე დღეში 5000-კაციან ბრიგადად იქცეს. 

"ვემზადებით, რომ გვერდიგვერდ ვიბრძოლოთ რუმინელებთან, ამერიკელებთან და სხვა კონტინგენტებთან ერთად", - ამბობს პოლკოვნიკი. 

მოკავშირე ქვეყნების ასიათასობით ჯარისკაცი ამჟამად გაძლიერებულ მზადყოფნაშია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირების უმეტესობას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი ნატოს წევრს თავს პირდაპირ დაესხმება, გრანშემფის თქმით, ალიანსი ახლა გეგმავს საერთაშორისო ჯარები მის საზღვრებს მიღმა მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს, რათა დარწმუნდეს, რომ სიტუაცია სტაბილური გახდა.

ამას დასჭირდება ინვესტიცია, რომელიც ძალიან აკლია რუმინეთსა და მის მეზობელ ბულგარეთს. ეს ქვეყნები ნატოს 2004 წელს, ევროკავშირში შესვლამდე სამი წლით ადრე შეუერთდნენ. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ მდიდარ პარტნიორებთან არსებული უფსკრული შეამცირონ.

"ეს მხოლოდ თავდაცვას არ ეხება, ეს არის სასურსათო უსაფრთხოება. ასე რომ, ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის გაზრდის მიზნით არის მიღებული, ძალიან მისასალმებელია",- თქვა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ.

მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებების მიღებამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა ტორენტი და მისი ინჟინრების გუნდი. ბაზისკენ მიმავალი მთავარი ხიდი მოშლილია და სატვირთო მანქანებს შემოვლითი გზით, მინდვრების გავლით უწევთ ათიათასობით ტონა მასალის სამშენებლო მოედნამდე მიტანა. 

რუმინეთი ერთ სულ მოსახლეზე გზატკეცილის ფართობით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა. საგრაფოში, სადაც ჩინკუ მდებარეობს, დასაქმებულების ხელფასი საშუალოდ თვეში დაახლოებით $730-ია, მაგრამ ბევრი პატარა ქალაქისა და სოფლის შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობა და სახელმწიფო დახმარებაა.

ჩინკუს მერს იმედი აქვს, რომ გზებს ცენტრალური ხელისუფლება მიხედავს, ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი კი ადგილობრივებს ბიზნესის წარმოებაში დაეხმარება.  

სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საინვესტიციო სფეროა რუმინეთის არმია.
ნატოს წევრთა უმეტესობა დიდი ხანია ვერ ასრულებენ ალიანსის მიზანს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვაზე დახარჯონ. მაგრამ რუმინეთი ამ გეგმას 2015 წლიდან ასრულებს და გეგმავს, რომ მომავალი წლიდან თავდაცვას მშპ-ის 2,5%-ს მოახმაროს.

მთლიანობაში, სამხედრო შესყიდვების ხარჯი მინიმუმ 12 მილიარდ ევროს მიაღწევს. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რაც აქამდე შეიძინეს, არის 4 მილიარდი ევროს ღირებულების Patriot - საზენიტო სარაკეტო ბატარეა, რომელიც წელს ამოქმედდება.

გეგმის მიხედვით, ჩინკუს ბაზა, საფრანგეთის ხელმძღვანელობით, სრული დატვირთვით წლის ბოლომდე ამუშავდება. ეს მიუთითებს მხოლოდ ნატოს აღმოსავლელ წევრებში მიმდინარე ცვლილებებზე, არამედ მსოფლმხედველობის ზოგად ცვლილებაზე, რადგან მთელი ალიანსი რუსეთთან დაპირისპირებისკენ არის მიმართული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მაიკლ უინფრი და ანდრა ტიმუ