LIVE
ვიდეო
31 მაი, 2022 13:36
საქართველოს ბანკმა $50 მლნ-ის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა მწვანე კომპონენტით
1177

საქართველოს ბანკმა 50 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა მწვანე ინიციატივების დასაფინანსებლად.

შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund International AB-სთან (Swedfund) გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით. 

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს ისეთ ინიციატივებზე მიმართავს, რომლებიც შესაბამისობაშია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომასთან (GET). გარდა ამისა, ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, EBRD-ი და Swedfund-ი გრანტს გამოყოფენ, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა EBRD-თან და Swedfund-თან ახლა უკვე მწვანე კომპონენტის მქონე დამატებითი პირველადი კაპიტალის მოზიდვის ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული სინდიცირებული ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინოს კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირება უცხოური ვალუტის თვალსაზრისით, მწვანე კომპონენტი კი გააძლიერებს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-სა და Swedfund-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავალი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორის ფრანსის მალიჟის თქმით, ეს არის EBRD-ის პირველი სუბორდინირებული ფინანსური პაკეტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას და დაიცავს მას სავალუტო მერყეობისგან.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან - საქართველოს ბანკთან. ეს არის EBRD-ს პირველი სუბორდინირებული AT1 ფინანსური პაკეტი, ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას, შექმნის ბუნებრივ დაცვას ვალუტის მერყეობისაგან და უზრუნველყოფს დამატებითი კაპიტალის უწყვეტ შედინებას საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. აქვე მინდა განსაკუთრებულად შევაქო საქართველოს ბანკი აღებული ვალდებულებისთვის სესხის ეკვივალენტი თანხით განახორციელოს მწვანე ინვესტიციები, რომლებიც შეესაბამება EBRD-ის მკაცრ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომას”, - აღნიშნა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრანსის მალიჟმამ.

Swedfund-ის გენერალური დირექტორის მარია ჰაკანსონის განცხადებით, Swedfund-ისთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში წამყვანი და სისტემური ბანკის მხარდაჭერა. მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაგრძელებას. ეს Swedfund-ის რიგით მეორე ინვესტიციაა საქართველოს ბანკში ფინანსური ინკლუზიისა და მწვანე კომპონენტის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს ბანკს აქვს ფართო მომხმარებელთა ბაზა, კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, ის მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში, ბანკს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება. Swedfund-ი ინვესტიციებს ახორციელებს EBRD-ის პარალელურად, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ბანკის მწვანე კომპონენტის პორტფელის გაფართოებას“, - განაცხადა Swedfund-ის გენერალურმა დირექტორმა მარია ჰაკანსონმა. 

(R) 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ