LIVE
ვიდეო
05 თებ, 2024 13:06
5 გამორჩეულად პასუხისმგებელი გლობალური ბრენდი
1092
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მსხვილ თუ მცირე ზომის ბიზნესს საკუთარი ზეგავლენის განეიტრალების და პოზიტიური ცვლილების მოხდენის საშუალებას აძლევს. თუ კომპანია ბიზნესს ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით აწარმოებს, ეს ნიშნავს, რომ აკეთებს არა მხოლოდ იმას, რაც კარგია მისი მოგებისთვის, არამედ იმასაც, რაც ასევე კარგია მომხმარებლებისთვის და ზოგადად, სამყაროსთვის. 
 
შესაბამისად, პასუხისმგებელი კომპანიის პროდუქტის ყიდვისას, ინფორმირებულ მომხმარებელსაც აქვს აღქმა, რომ წვლილი შეაქვს პოზიტიურ ცვლილებებში, პასუხისმგებელ მიდგომაში და ეს მის არჩევანზე დადებით გავლენას ახდენს. 
 
კვლევები მოწმობს, რომ სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ მილენიალი და Gen Z თაობის მომხმარებლებისთვის, რამდენადაც ეს ასაკობრივი კატეგორია ამჯობინებს, რომ ეთიკური ბრენდების ნაწარმი შეიძინოს - ანუ ისეთი ბრენდების, რომლებიც ზრუნავენ ხალხზე და პლანეტაზე. 
 
ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდა ამერიკელების 80% კონკრეტული ნივთის შესყიდვის გადაწყვეტილებას ბრენდის მისიას ან მიზანს უკავშირებს, ხოლო 74% ბოიკოტს გამოუცხადებდა ბრენდს, თუკი მის ეთიკურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ექნებოდა.
 
სწორედ ამის შედეგია ის, რომ კომპანიებს სულ უფრო მეტად უწევთ მომხმარებლამდე მიიტანონ ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ მათ მიერ გამოწვეული ზიანის გასანეიტრალებლად, ან რა პოზიტიური გავლენის მოხდენას ცდილობენ საზოგადოებაზე და გარემოზე. ტენდენციები ამ მიმართულებით მომხმარებლის ღირებულებების ცვლილებასთან ერთად იცვლება. შესაბამისად, სულ უფრო მეტ კომპანიას უწევს საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ეწინააღმდეგება სამუშაო ადგილზე ძალადობას და მხარს უჭერს, ან აძლიერებს მრავალფეროვნებას, არ გამოარჩევს თანამშრომლებს გენდერული, კულტურული, რასობრივი თუ სხვა ნიშნით. 
 
წარმოგიდგენთ გამორჩეულად პასუხისმგებელი გლობალური ბრენდების ხუთეულს და თითოეული მათგანის მიდგომებს:
 
Johnson & Johnson 
 
ბოლო 30 წელია, კომპანია ცდილობს შეამციროს საკუთარი ნეგატიური ზეგავლენა პლანეტაზე და ამ მიმართულებით, მისი ინიატივები მოიცავს როგორც წარმოებაში ქარის ენერგიის გამოყენებას, ისე სუფთა წყლის უზრუნველყოფას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. Johnson & Johnson-ის გეგმაა, რომ 2025 წლისთვის საკუთარი ენერგოსაჭიროების 100% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან დააკმაყოფილოს. კომპანიის გლობალურ ოპერაციებში გამოყენებული ენერგიის 50%-ზე მეტი უკვე განახლებადი წყაროებიდანაა მიღებული, ხოლო შეთანხმებები მიმწოდებლებთან იმისთვის, რომ მომავალ წელს 100%-იან მაჩვენებელს მიაღწიოს აშშ-ში, ევროპაში, კანადასა და ბრაზილიაში, უკვე გაფორმებულია. 
 
Google 
 
Google-ის CSR სტრატეგია მისი მთავარ მისიასთანაა კავშირში „მსოფლიო ინფორმაციას ისე გაუწიოს ორგანიზება, რომ გახადოს ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო“. შესაბამისად, კომპანიას რიგი აქტივობები აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური და ეთიკური სტანდარტების მიმართულებით. მათ შორის, მიდგომა „კარგად ყოფნა კარგის კეთებით“ (Doing Well by Doing Good) გულისხმობს სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობას და სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი თემების ეკონომიკურ გაძლიერებას. ასე მაგალითად, კომპანიის საქველმოქმედო მიმართულება, Google.org არაკომერციულ კომპანიებს და ინიციატივებს აფინანსებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური გამოწვევების დაძლევაში. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 
 
გარდა ამისა, Google-ს მიდგომები თანამშრომლებთან მიმართებაში და მისი დასაქმების პოლიტიკა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც სამაგალითო. როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ, Google ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად აფინანსებს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია თანასწორობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და LGBTQ+ პირთა ჩართულობაზე. 
 
ამასთან, ტექნოლოგიური გიგანტი ქმნის ინსტრუმენტებს, შესაძლებლობებს მოკლებულ პირთა ბიზნესების და ზოგადად, ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად.  
 
Coca-Cola 
 
კომპანია მთავარ აქცენტს მდგრადობაზე აკეთებს და მისი მთავარი მესიჯია „სამყარო ნარჩენების გარეშე“, რაც გულისხმობს თითოეული ბოთლის შეგროვებას და გადამუშავებას ხელახალი გამოყენებისთვის. შესაბამისად, კომპანიის მიზანია საკუთარი შეფუთვა 100%-ით რეციკლირებადი გახადოს, ხოლო მეორე მხრივ, წყალი, რომელსაც საკუთარი სასმელების დასამზადებლად იყენებს, კვლავ დააბრუნოს სამყაროში სასმელი წყლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, კომპანიის მიზანია, 2030 წლისთვის საკუთარი ნახშირბადის ნაკვალევი 25%-ით შეამციროს. 
 
TOMS 
 
Toms ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გლობალრი ბრენდია, რომელსაც დაარსების დღიდან გამოარჩევს პასუხისმგებლიანი მიდგომა, განსაკუთრებით კი მისი “one for one” (ერთი ერთისთვის) ბიზნეს მოდელი, რაც თითოეული გაყიდული ფეხსაცმლის წყვილზე კიდევ ერთი წყვილის საჩუქრად გაცემას გულისხმობს მათთვის, ვისაც ფეხსაცმელი ყველაზე მეტად სჭირდება. ამ მიდგომით, კომპანიამ მილიონობით ადამიანის საჭიროება დააკმაყოფილა.

მიუხდავად ამისა, კომპანიის მიდგომამ კრიტიკაც დაიმსახურა იმ თვალსაზრისით, რომ უფასო ფეხსაცმლის დარიგებით ის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ მწარმოებელს გაყიდვების პრობლემას უქმნიდა. შედეგად, Toms-მა საკუთარი მიდგომა გადააფასა და უფასო ფეხსაცმელების ნაცვლად ფოკუსი თანხის გაცემაზე გადაიტანა - ამჟამად კომპანია საკუთარი მოგების მესამედს გრასრუტების კამპანიების დასაფინანსებლად იყენებს მენტალური ჯანმრთელობის, შესაძლებლობების უზრუნველყოფის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, კომპანიის მიდგომა ითვალისწინებს გადამუშავებული და მდგრადი მასალის გამოყენებას წარმოებაში.

Patagonia

ტანსაცმლის ინდუსტრიის თვალსაჩინოდ პასუხისმგებლიანი წარმომადგენელია, რაც მის მიდგომებს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინდუსტრიაში დასაქმებულები ყველაზე დაბალანაზღაურებადები არიან მსოფლიოში, ხოლო თავად ამ ტიპის წარმოება ხშირად აცდენილია სოციალურ სტანდარტებთან, ანუ დასაქმებულებს უსაფრთხო გარემო არ აქვთ და არც დისკრიმინაციისგან არიან დაცული.  

კომპანია წლების განმავლობაში ქმნიდა სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომას, რომელიც აანალიზებს და მართავს იმ გავლენას, რაც მის ბიზნესს აქვს დასაქმებულებზე და ადგილობრივ თემებზე მისი მიწოდების ჯაჭვის გაყოლებაზე. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ ზიანის შემცირებაა, არამედ პოზიტიური სარგებლის მოტანა მათთვის, ვისაც შეხება აქვს ამ ბიზნესთან.

ამ მიდგომის შედეგად, კომპანიის პროდუქციის 85% იქმნება სამართლიანი ვაჭრობის სერთიფიკატის მქონე ქარხნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ნაწარმს კომპანია ისეთ საწარმოებს ამზადებინებს, რომლებიც სოციალურ სტანდარტებს იცავენ და გარდა ამისა, დამატებით თანხას უხდის მსგავს საწარმოებს თითოეულ შეკერილ ნივთზე და ეს თანხები პირდაპირ დასაქმებულებთან მიდის, რამდენადაც თითოეულ ქარხანაში, დემოკრატიულობის პრინციპით არჩეული მშრომელთა კომიტეტი წყვეტს როგორ დაიხარჯოს ზემოხსენებული თანხა. შედეგად, 75 ათასზე მეტი დასაქმებული იღებს სარგებელს და გარდა ამისა, 2000 ზე მეტი ფერმერი არის კომპანიის აღდგენადი ორგანული ბამბის პროგრამის მოსარგებლე.

კომპანიის კორპორაციული ფილოსოფია ფოკუსირებულია პროდუქციის დამზადებაზე ორგანული ბამბისგან ან გადამუშავებული მასალისგან, ხოლო შესაფუთი მასალების 100% რეციკლირებად ქაღალდზეა დამზადებული.

გარდა ამისა, კომპანია გაყიდვების 1%-ს გრასრუტ ორგანიზაციებს აძლევს ყოველწლიურად იმისთვის, რომ ჯანსაღ პლანეტაზე იზრუნოს.

სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ