14-მა წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა.
ასოციაციები ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ და გამოთქვამენ მოლოდინს, რომ ევროსაბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.
ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში.
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ევროკავშირის წევრობასთან",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემდეგი ბიზნეს ასოციაციების სახელით გაკეთდა:
• ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
• გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
• სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
• ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
• ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
• საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
• საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
• გადასახადის გადამხდელთა კავშირი
• საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
• საქართველოს საბანკო ასოციაცია
• საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა