ამერიკელმა მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. მას სურს, რომ ეს პროცესი მარტივი და საჯარო იყოს.
Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით თავისი აქციონერებისადმი მიძღვნილ წერილში განაცხადა, რომ თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. თუმცა მისი დიდი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ქონები ღიად და საჯაროდ მოხმარდეს საქველმოქმედო მიზნებს. 93 წლის მილიარდერმა განაცხადა ისიც, რომ მისი ანდერძი დუგლასის საოლქო სასამართლოში განთავსდება, სადაც ის ღია იქნება საზოგადოებისთვის.
ბაფეტის წერილის მიხედვით, ანდერძის აღსრულებაზე პასუხისმგებლები მისი 65-70 წლის ასაკის შვილები იქნებიან. მისი თქმით, სამივე შვილმა ერთხმად უნდა იმოქმედოს, ასევე მათი შემთხვევითი გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი მემკვიდრეები უნდა დანიშნონ.
წერილიდან ირკვევა ისიც, რომ ბაფეტმა ამ კვირაში Berkshire Hathaway-ის $868 მილიონიანი აქციები საქველმოქმედო ფონდებს, მათ შორის მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელობის ორგანიზაციასაც გადასცა. ბაფეტმა Susan Thompson Buffett Foundation-ს 1,5 მილიონი, ხოლო Sherwood Foundation-ს, the Howard G. Buffett Foundation-სა და the NoVo Foundation-ს, თითოს 300 ათასი აქცია გადასცა. აღსანიშნავია, რომ მადლიერების დღისადმი მიძღვნილი დონაციის ტრადიცია ბაფეტმა 2006 წელს წამოიწყო.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $120,8-მილიარდიანი ქონებით ბაფეტი მსოფლიოს მე-9 უმდიდრესი ადამიანია. იგი დიდი ხანია აცხადებს, რომ თავისი ქონების 99% სრულად ფილანთროპულ მიზნებს მოხმარდება.