საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასებში ე.წ. ინტეგრირებული პროგრამის ამოქმდების და პროფესიული განათლების სავალდებულო საგნად სწავლების იდეას კერძო სექტორისგან პოზიტიური გამოხმაურება აქვს, თუმცა პროფსასწავლებლებს ამ ინიციატივის რეალობად ქცევა უახლოეს წლებში თითქმის შეუძლებლად ესახებათ.
საუბარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლებას სავალდებულოს გახდის. მისივე თქმით, სკოლის ატესტატთან ერთად, მოსწავლეები პროფესიული განათლების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც მიიღებენ. სპეციალისტები კი თვლიან, რომ ასეთი მასშტაბური პროექტისთვის საქართველოს საჯარო სკოლების ინდფრასტრუქტურა გაუმართავია.
"დამამთავრებელ კლასებში პროფესიული განათლების მიღება ევროპული სკოლებისთვის მიღებული პრაქტიკაა, რაც ძალიან უწყობს ხელს დასაქმების ბაზარს. თუმცა ჩვენთან, ანუ საქართველოში ვითარება განსხვავებულია. 2 ათასზე მეტი სკოლის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ასე უცებ აღჭურვა, ინფრასტრუქტურის გამართვა და რაც ასევე მთავარია, კვალიფიციური კადრების ჯერ მოძიება, შემდეგ კი მოზიდვა, დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. ამასთან, ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია, ამიტომ რთულად (თითქმის შეუძლებლად) წარმომიდგენია აღნიშნულის უახლოეს მომავალში განხორციელება", - ამბობს განათლების ექსპერტი, რევაზ აფახაზავა.
გარდა ამისა, მეორე საკითხია სპეციალური გეგმის შედგენაც, რაც, როგორც ირკვევა, ასევე არ არის მარტივი ამოცანა.
"ამ ყველაფერს სჭირდება დაფიქრება, ნაბიჯების სწორად განსაზღვრა და შემდგომ განხორციელება. ჩვენ კვალიფიცური კადრების სერიოზული პრობლემა გვაქვს, რაც ასე მარტივად ვერ გადაიჭრება. ჯერ საერთოდ მოსაძებნია ადამიანები, ვისაც პროცესში ჩართვის სურვილი ექნება, შემდეგ საჭიროა მათი კარგად მომზადება, რათა შეძლონ მოსწავლეს მისცენ ხარისხიანი განათლება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხარისხიანი განათლების მიწოდება", - აღნიშნავს საექთნო საქმის პროფესიული მასწავლებელი, ნინო სვანიძე.
ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში, პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ადასტურებს რიცხვებიც. ასე მაგალითად, წელს პროფესიული განათლების მსურველთა რიგებში 27 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 ათასით აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საქმიანობას უფრო მეტი კაცი ეუფლება (53.4%), ვიდრე ქალი (46,4%). პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ტრადიციულად ლიდერობს თბილისი, რომელსაც მთლიან მაჩვენებელში 37%-ზე მეტი წილი აქვს.
"რიცხვებთან ერთად გაიზარდა პროფესიული მიმართულებების ჩამონათვალიც. მათ შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ამჟამად შედარებით უფრო დეფიციტურ საქმიანობებზეა: ესენია სამშენებლო ინჟინერია, ელექტროობა, ასევე საექთნო საქმე; მოთხოვნა მზარდია ციფრულ მიმართულებებზეც (მათ შორის აიტი სპეციალისტი, გრაფიკოსი, ვებ დეველოპმენტი და სხვა). მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესიც პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარე პროცესებით ახლა უფრო მეტადაა დაინტერესებული, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციის ხარისხი მაინც გასაზრდელია, რათა მათ შეძლონ უშუალოდ იმ პროფესიის კადრების გადამზადება, რასაც დასაქმების ბაზარი საჭიროებს", - ამბობს კოლეჯ "სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე.