LIVE

ივანიშვილის ქონება $6.62 მილიარდამდე გაიზარდა - Bloomberg

24 იან 202412:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
ივანიშვილის ქონება $6.62 მილიარდამდე გაიზარდა - Bloomberg
[EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და $6.62 მილიარდს მიაღწია. 

ამ მაჩვენებლით, ის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში 383-ე ადგილზეა. გასული წლის 30 დეკემბერს ივანიშვილის ქონება $6.60 მილიარდს შეადგენდა და სიაში მე-400 ადგილზე იყო.

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მკვეთრად 2023 წლის ოქტომბრიდან იზრდება. 30 ოქტომბერს ის $5.82 მილიარდად იყო შეფასებული. 

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.58 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის. 

Bloomberg-ის განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობითა და 1*-ით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.

ივანიშვილის ქონების შესახებ განსხვავებული მონაცემი აქვს Forbes. გამოცემის თანახმად, ქართველი მილიარდერის ქონება $4.9 მილიარდად არის შეფასებული.

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ $200 მილიონს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს. 

Forbes-ზე ივანიშვილის პროფაილი მის ციტატასაც მოიცავს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონიც საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია".