საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ამ დროისათვის, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სხვადასხვა სახის სპეციალური მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული.
თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30კმ-170კმ (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94კმ-110კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 170კმ-185კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო 90კმ-170კმ (დიზი-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დრომდე, ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვა იყო მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.