LIVE

2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები თურქეთში ჩატარდება

10 იან 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 3283
2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები თურქეთში ჩატარდება
Adem Altan/AFP via Getty Images

წელს გლობალურად ყურადღებას არაერთი საყოველთაო არჩევნები მიიპყრობს. ნიგერიის არჩევნები, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს, ყველაზე დიდი, ხოლო ოქტომბრამდე პაკისტანში ჩასატარებელი არჩევნები, სავარაუდოდ, ყველაზე ხმაურიანი იქნება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები კი უდავოდ გაიმართება თურქეთში 18 ივნისს, როდესაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეეცდება თავისი საპრეზიდენტო ვადა კიდევ ერთხელ გაიგრძელოს. 

ექსპერტების მოსაზრებით, რაც ხდება თურქეთში, მხოლოდ თურქეთში არ რჩება. შედეგი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ვაშინგტონისა და მოსკოვის, ასევე, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის გათვლებზე.  

Bloomberg-ის ავტორი, ბობი გოში წერს, რომ მსოფლიო საკითხებზე ანკარას გავლენა ერდოღანის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში მის მიღწევებზე მიანიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. 

მათ, ვისაც სურთ, რომ 19 ივნისს ერდოღანმა პოსტი დატოვოს, არ არიან იმედიანად იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ან რა იქნება შემდეგში. 

დასავლელი ლიდერები მოხარული იქნებიან, თუ ნახავენ, რომ ერდოღანი მიდის. მან რუსეთისგან სარაკეტო თავდაცვითი სისტემების შეძენით შეარყია ნატოს უსაფრთხოება, იმედგაცრუება გამოიწვია შვედეთისა და ფინეთის ბლოკში გაწევრიანების დაბლოკვის მუქარით, ის არაერთხელ დაემუქრა ევროპას ლტოლვილების ტალღით და, ბოლო თვეებში, აჟღერებს საბრძოლო რიტორიკას საბერძნეთის მიმართ. 

ვაშინგტონთან ანკარას ურთიერთობა იქამდე დაიძაბა, რომ თურქეთის უმაღლესი ოფიციალური პირები აშშ-ს რეგულარულად ადანაშაულებენ ერდოღანის წინააღმდეგ გადატრიალების მხარდაჭერაში და ტერორისტულ ჯგუფებთან თანამონაწილეობაში. 

თურქეთის, როგორც დიალოგში მონაწილის შესაძლებლობა, შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი შეუწყო გასული წლის ზაფხულში უკრაინიდან მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის გადინების უზრუნველყოფას, ერდოღანს არ ჰქონია შემაკავებელი გავლენა მის „ძვირფას მეგობარზე“ - ვლადიმერ პუტინზე. 

სტამბოლის ანალიტიკური ცენტრის, EDAM-ის დირექტორის, სინან ულგუნის თქმით, თუ ერდოღანი დამარცხდება, მისი მემკვიდრე თურქეთს განსხვავებული საგარეო პოლიტიკის აქტორად აქცევს, რომელსაც (როგორც დასავლურ სახელმწიფოს) უფრო კომფორტული პოზიცია ექნება. 

მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, არავინ უნდა მოელოდეს სწრაფ - 180 გრადუსიან შემობრუნებას. ერდოღანმა 20 წელი მოანდომა, რათა თავისი რადიკალური მსოფლმხედველობით დაენერგა თურქული ინსტიტუტები - მთავრობა, სამხედრო თუ აკადემიური მიმართულებები, რელიგიური ისტებლიშმენტი თუ მედია. თუ 19 ივნისს ქვეყნის სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვა, მან ერდოღანის ნაგები უნდა დაანგრიონ. ამოცანას კიდევ უფრო ართულებს ის ამბავი, რომ მისი AK პარტია რჩება პარლამენტში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით და გაუმკლავდება ცვლილებებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერდოღანს ათწლეულის საუკეთესო პერიოდი დასჭირდა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა სეკულარული ღრმა სახელმწიფოსთვის, რომელიც ქემალ ათათურქის, თანამედროვე თურქეთის დამაარსებლის მიერ აშენდა. ამ დროს AK პარტიას პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა ჰქონდა.