LIVE
ვიდეო
06 ივლ, 2022 15:55
ქართული მოცვის საექსპორტო ფასი განახევრდა
2177

ქართული მოცვის საექსპორტო ფასი განახევრდა, ექსპორტიორებმა კი ბოლო ერთ თვეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი ნახეს.

ექსპორტიორები ფასის კლებას ჭარბ მიწოდებას უკავშირებენ. უფრო ზუსტად, როგორც "ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციაში" "ბიზნეს ფორმულას" უთხრეს, წელს კლიმატური პირობების გამო, ქართული მოცვის კრეფა შედარებით გვიან დაიწყო, ამასობაში კი რუსეთის ბაზარზე, რომელზეც ქართული მოცვის ექსპორტის 90% მოდის, უკვე შესული იყო ბელარუსის, სერბეთისა და მაროკოს მოცვი.

"რუსეთის ბაზარი ყოველთვის არასტაბილურია. შეიძლება უცებ გაჩნდეს წარმოუდგენელი მოთხოვნა და იყო პერიოდი, როცა 1 კგ. მოცვი 15 დოლარიც კი ღირდა. ამ ფაქტმა ბაზარზე გადაჭარბებული მოლოდინებიც შექმნა და ყველა ფიქრობდა, რომ მაღალი ფასი შენარჩუნდებოდა. თუმცა, სანამ ჩვენი პროდუქცია ადგილზე ჩავიდა, რუსეთში მოცვი სხვა ქვეყნებიდანაც შევიდა, რამაც გამოიწვია ბაზრის გაჯერება. შესაბამისად ფასებმა კლება დაიწყეს, ამიტომაც ექსპორტიორებმა მნიშვნელოვნად იზარალეს",- აცხადებს "ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

ამ დროისთვის, 1 კილოგრამი მოცვის საექსპორტო ღირებულება 3-4 დოლარის ფარგლებშია, მაშინ როცა ერთი თვის წინ ფასი 7-დან 8 დოლარამდე მერყეობდა. 

აღსანიშნავია, რომ წელს ექსპორტიორები მოცვის დაახლოებით 1500 ტონა მოსავალს ელიან. ხოლო, შარშან საქართველოში დაახლოებით 1000 ტონა მოცვი დაიკრიფა და ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 6 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული მოცვის 90%-ზე მეტი რუსეთში გავიდა. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, ტრადიციულად, მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ხოლო მესამეზე სომხეთი, ხუთეულშია გერმანია და უკრაინა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ