LIVE
ვიდეო
24 მაი, 2022 19:00
British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუგო
1251

British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუგო. კომპანია კანონში არსებულ იმ ჩანაწერზე ჩიოდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია აკრძალულია.

სასამართლო პროცესებზე კომპანია აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე შეზღუდვები, თუმცა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი დაუშვებელია.

მოპასუხის პოზიციით კი რეგულირების მიზანს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. საბოლოოდ, სასამართლომ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო და სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ კომპანიებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად პროდუქციის გაყიდვა უნდა შეეძლოთ.

"თამბაქოს კონტროლის კუთხით საკითხი ისე შენარჩუნდება, როგორც იყო, ხოლო მეწარმეებს შორის კონკურენციის საკითხი მოექცევა ისეთ ჩარჩოებში, რომ ბაზარზე ბიზნესს თავისუფალ გადაწყვეტილებებს არ აუკრძალავს. მეწარმე სუბიექტისთვის განსაზღვრა, თუ რა დროს რა ესაჭიროება ფასწარმოქმნის ნაწილში, მიუღებელია“,- აცხადებს BAT-ის ინტერესების დამცველი, გიორგი ყავლაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

BAT-სა და საქართველოს პარლამენტს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ომეგა ჯგუფმა" British American Tobacco-ს სასამართლოში უჩივლა. თვითღირებულებით თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის გამო BAT-ი მაშინ 100 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა სასამართლომ ჯარიმა გაუუქმა. კომპანიის იურისტი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ აღნიშნულმა დავამ ინვესტორი შეაშინა, ვინაიდან არ იყო გამორიცხული, მსგავსი დავები მომავალშიც გაგრძელებულიყო. როგორც გიორგი ყავლაშვილი აღნიშნავს, British American Tobacco-ს საქართველოს ბაზრის დატოვების სურვილიც ჰქონდა, თუმცა ის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ